სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრ კახი კახიშვილის განცხადებით, გიგი უგულავას ადვოკატებმა უნდა მიმართონ საერთო სასამართლოს და უკვე მათ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას აღასრულებს სამინისტრო.
როგორც კახიშვილმა "იმედის" ეთერში განაცხადა, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება და ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობა შეეხება ყველა იმ მსჯავრდებულს, ვის მიმართაც იქნება საერთო სასამართლოების გადაწყვეტილება.
"ეს ნორმა შეეხებათ მათ, ვის მიმართაც იქნება საერთო სასამართლოების გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე. კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ განზრახ თუ შეცდომით სრულიად უსაფუძვლოდ მართავდნენ აქციებს მე-9 დაწესებულებასთან და სამინისტროსთან იმ მოთხოვნით, რომ თურმე მე უნდა გამეთავისუფლებინა გიგი უგულავა პატიმრობიდან, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე. საკონსტიტუციო სასამართლო თავად არ მსჯელობს კონკრეტული ბრალდებულის გათავისუფლების თაობაზე. როდესაც საუბარია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, როდესაც ვსაუბრობთ ნორმაზე, ყველა ის მხარე, ვისაც ჰგონია და მიაჩნია, რომ შესაძლებელია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება გახდეს ახლადაღმოჩენილი გარემოება მათი დაცვის ქვეშ მყოფი პირობის გათავისუფლების საფუძვლებში, ამ ადამიანებმა უნდა მიმართონ საერთო სასამართლოს. რამდენი გადაწყვეტილებაც იქნება ასეთი, ამდენის აღსრულებას დაუყოვნებლივ მოახდენს სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტრო", - განაცხადა კახიშვილმა