„ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომი ხელოვნურად ქმნის ბარიერს“

„ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომი ხელოვნურად ქმნის ბარიერს“

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატი ლევან კობიაშვილი ნეგატიურად აფასებს ფედერაციის აღმასკომის გადაწყვეტილებას, რომლითაც 24 საფეხბურთო კლუბს ფედერაციის სუბიექტად დარეგისტრირებაზე უარი ეთქვათ.

როგორც კობიაშვილმა ტელეკომპანია GDS-ის ეთერში, გადაცემა "2030"-ში განაცხადა, აღმასკომი არ არის უფლებამოსილი, რომ მან გადაწყვიტოს კლუბი წევრად მიიღოს, ან არ მიიღოს.

„აღმასკომი არ არის უფლებამოსილი, მან წევრად მიიღოს კლუბი. ეს უნდა გააკეთოს ყრილობამ. ანუ, 3 ოქტომბერს ყრილობაზე იმ 35-მა სუბიექტმა უნდა მიიღოს წევრად ან არ მიიღებს. მაგრამ აღმასკომმა ეს საკითხი უნდა დააკმაყოფილოს. თუ კლუბი გამოთქვამს სურვილს, რომ მას უნდა გაწევრიანდეს, აღმასკომმა ეს საკითხი დღის წესრიგში უნდა გაიტანოს. აღმასკომი ხელოვნურად ქმნის ამ ბარიერს და დღის წესრიგში ყრილობაზე არ გააქვს ეს საკითხი“, - განაცხადა კობიაშვილმა.

ცნობისთვის, 14 სექტემბერს ფეხბურთის ფედერაციაში აღმასკომის სხდომა გაიმართა. სხდომაზე ფედერაციაში გაწევრიანების მსურველი 24 გუნდის საკითხი განიხილეს, თუმცა, სხდომის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ გაწევრიანების მსურველი გუნდების გაწევრიანების გადაწყვეტილება, რიგგარეშე ყრილობაზე იქნება მიღებული, რომელიც ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტ გია ფირცხალავას განცხადებით, სავარაუდოდ, დეკემბრის ბოლომდე ჩაინიშნება. ამ გადაწყვეტილებას საფეხბურთო კლუბების წარმომადგენლების მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვა.