პროკურატურამ გიგი უგულავას პატიმრობიდან გათავისუფლების საკითხზე მიმდინარე სხდომაზე 3 შუამდგომლობა დააყენა, რომელიც სასამართლო კოლეგიამ არ დააკმაყოფილა.
პროკურორმა მერაბ ჯერანაშვილმა თავდაპირველად მოითხოვა სამიდან ერთი - სათადარიგო მოსამართლე ეკა კულულაშვილის აცილება, რომელმაც საქართველოში არყოფნის გამო ლიანა ორკოდაშვილი ჩაანაცვლა. ეს შუამდგომლობა კოლეგიამ არ დააკმაყოფილა. ამის შემდეგ, პროკურორმა მოითხოვა 7 ნოემბრის საქმეზე 24 სექტემბერს ჩანიშნული სხდომის დღეს გადმოწევის განჩინება, რაზეც მოსამართლემ უპასუხა, რომ ამ მოთხოვნას ვერ ჩათვლის შუამდგომლობად, რადგან სხდომა ახალი გარემოების - საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ტარდება.
შემდეგ კი პროკურორმა თბილისის საქალაქო სასამართლოს აცილება და საკითხის სააპელაციო სასამართლოში განხილვა მოითხოვა, რაც ასევე არ დაკმაყოფილდა. დაცვის მხარის ადვოკატებმა განაცხადეს, რომ პროკურატურა ყველაფერს აკეთებს, რათა უგულავა რიყისა და ტელეიმედის საქმეზე მოსალოდნელ განაჩენამდე არ გათავისუფლდეს, რადგან იმ საქმეზე გამამტყუნებელ განაჩენს ელოდება. ამ წუთებში დაცვის მხარე წარმოთქვამს შუამდგომლობას უგულავას გათავისუფლების შესახებ.