საკონსტიტუციო სასამართლომ საქმეზე "საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ" გადაწყვეტილება გამოაქვეყნა.
პლენუმის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების სრული ვერსია საკონსტიტუციო სასამართლოს სასამართლოს ვებ-გვერდზე (http://www.constcourt.ge/ge/legal-acts/judgments/saqartvelos-moqalaqe-giorgi-ugulava-saqartvelos-parlamentis-winaagmdeg4.page) განთავსდა.
გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში ნათქვამია, რომ კონსტიტუციური სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.
"ცნობილ იქნეს არაკონსტიტუციურად საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველ და მე-6 პუნქტებთან მიმართებით საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 205-ე მუხლის მე-2 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც უშვებს კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულის პატიმრობას, თუ ამ საქმეზე ბრალის წაყენების ან ბრალის წაყენებისთვის საკმარისი საფუძვლის გამოვლენის შემდეგ მას პატიმრობაში ერთობლივად გატარებული აქვს 9 თვე მის მიმართ მიმდინარე ნებისმიერი სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში; კონსტიტუციური სარჩელი N646 (საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამეტის წინააღმდეგ) არ დაკმაყოფილდეს სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება: ა) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-11 ნაწილის, აგრეთვე, ამავე კოდექსის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობას, რომელიც ითვალისწინებს პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას დასაბუთებული ვარაუდის საფუძველზე, საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით; ბ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის სიტყვების "ან ჩაიდენს ახალ დანაშაულს", აგრეთვე 205-ე მუხლის პირველი ნაწილის "გ" ქვეპუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. გ) შეწყდეს საქმე საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 206-ე მუხლის მე-8 ნაწილის მე-3 წინადადების კონსტიტუციურობის თაობაზე საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით", - ნათქვამია სასამართლოს გადაწყვეტილებაში.
საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 205-ე მუხლის მე-2 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც უშვებს კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულის პატიმრობას, თუ ამ საქმეზე ბრალის წაყენების ან ბრალის წაყენებისთვის საკმარისი საფუძვლის გამოვლენის შემდეგ მას პატიმრობაში ერთობლივად გატარებული აქვს 9 თვე მის მიმართ მიმდინარე ნებისმიერი სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, იურიდიულად ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი ამ გადაწყვეტილების სხდომათა დარბაზში მისი გამოქვეყნების მომენტიდან.