მერაბ ტურავა:  ეთიკისა და სადისციპლინო კომისიის შექმნა ჩემზე გარკვეული ზეწოლა იყო

მერაბ ტურავა: ეთიკისა და სადისციპლინო კომისიის შექმნა ჩემზე გარკვეული ზეწოლა იყო

ეთიკისა და სადისციპლინო კომისიის შექმნა ვფიქრობ, იყო გარკვეული ზეწოლა ჩემზე, რომ გადაწყვეტილებაზე დაჩქარებული ტემპით მომეწერა ხელი , - ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე მერაბ ტურავამ ბათუმში ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე განმარტებით, არავითარი სამართლებრივი საფუძველი კანონში ჩამოთვლილი დისციპლინური ან ეთიკური წარმოებისა არ არსებობს. მისივე თქმით, არაეთიკური უფრო ის არის, რომ მოსამართლე აიძულო 50-გვერდიან გადაწყვეტილებაზე ხელი ვიზუალური გადახედვის საფუძველზე მოაწეროს და არა ის, რომ მოსამართლე ითხოვს გონივრულ ვადას გაეცნოს გამოცხადების ტექსტის საბოლოო ვერსიას.

"ბუნებაში არ არსებობს ასეთი გარემოება, როდესაც მოსამართლეს გადაწყვეტილებაზე ხელის არმოწერის გამო, როდესაც ითხოვს გონივრულ ვადას, ამბობს, რომ სამ დღეში მზად იქნება რომ გადაწყვეტილებას ხელი მოაწეროს და განსხვავებული აზრი წარმოადგინოს, ასეთ შემთხვევაში მისთვის ამ დროის არმიცემა კანონიდან გამომდინარე არის მასზე ზეწოლა და მისი იძულება ხელი მოაწეროს გადაწყვეტილებას, ისე, რომ მის შინაარსს არ იცნობდეს. ყველა მოსამართლე ვალდებულია, მხოლოდ მაშინ მოაწეროს ხელი, როცა ის წაიკითხავს და შეისწავლის. თუ დაეთანხმება მაშინ უპრობლემოდ უნდა მოაწეროს ხელი, ხოლო თუ განსხვავებულ პოზიციაზე დგას, მან უნდა დაწეროს დროის მოკლე ვადაში პოზიცია და დაურთოს გადაწყვეტილებას. როგორც განსხვავებულ აზრზე ასევე გადაწყვეტილებაზე უნდა მოაწეროს ხელი, შემდეგ არის უფლებამოსილი სასამართლო დანიშნოს საქმის გამოცხადების თარიღი. ბუნებაში არ ხდება ის, რომ ჯერ გადაწყვეტილება მზად არ არის, მასზე მოსამართლეებს ხელი არ აქვთ მოწერილი, არც ის იციან ესა თუ ის მოსამართლე მოაწერს თუ არა ხელს, აქვს თუ არა განსხვავებული აზრი, ისე მოსამართლის დაუკითხავად ადგე და ჟურნალისტებს, მხარეებს გადაწყვეტილების გამოცხადების დრო აცნობო, ეს არის უპატივცემულობა მოსამართლისადმი, სასამართლო ხელისუფლებისადმი. ვფიქრობ, რომ არაეთიკური და დისციპლინის დარღვევა ის კი არ არის რომ სამი დღე მოითხოვოს მოსამართლემ, არამედ, პირიქით, არაეთიკურია, როცა შენს კოლეგას ეუბნები, აიძულებ რომ რამდენიმე წუთის განმავლობაში 50 გვერდიანი გადაწყვეტილების ვიზუალური გადახედვით მოაწეროს ხელი", - აღნიშნა მერაბ ტურავამ.

მოსამართლე მერაბ ტურავა იმასაც აცხადებს, რომ სავარაუდოდ, არსებობდა მიზეზი, რის გამოც საკონსტიტუციო სასამართლოს ეჩქარებოდა გადაწყვეტილების გამოცხადება. მერაბ ტურავა არ აკონკრეტებს, რა მიზეზი შეიძლებოდა ყოფილიყო. "ალბათ არსებობდა მიზეზი, რომლის გამოც ეჩქარებოდა სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადება. წინააღმედ შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაში არის საქმეები, 2003-2004 წელს შემოსული სარჩელები, რომლებზეც გადაწყვეტილებები არ არის მიღებული. არ ვიცი რატომ იჩქარა სასამართლომ", - აღნიშნა მერაბ ტურავამ.