"რესპუბლიკური პარტიის" წევრის დავით ზურაბიშვილის განცხადებით, გიგი უგულავა და ყველა ის პირი, რომლებსაც ეხებათ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება უმოკლეს ხანში უნდა გათავისუფლდნენ.
ზურაბიშვილის თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება არის საბოლოო, მასზე მაღალი ინსტანცია ქვეყანაში არ არსებობს და მისი გადაწყვეტილების აღსრულება არის სავალდებულო.
"საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ სისხლის სამართლის კოდექსის კონკრეტული მუხლი არის ანტიკონსტიტუციური. მას არ განუხილია და არ დაუდგენია გიგი უგულავას თუ რომელიმე სხვა პიროვნების ბრალეულობა–უდანაშაულობის საკითხი. ეს ცალკე თემაა და პროცესი, ბუნებრივია, გაგრძელდება. გ) ზემოთქმულიდან გამომდინარე, გიგი უგულავა და ყველა ის პირი, რომლებსაც პირდაპირ და უშუალოდ ეხება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, აუცილებლად და უმოკლეს ხანში უნდა გათავისუფლდნენ პატიმრობიდან. დ) ის, რომ უგულავას წინააღმდეგ მიდის სასამართლო პროცესი, მისი წინასწარ პატიმრობისგან გათავისუფლების წინაღობად არავითარ შემთხვევაში არ უნდა იქცეს. მით უმეტეს დაუშვებელი იქნება განაჩენით გამოტანილი პატიმრობით წინასწარი პატიმრობის გადაფარვის მცდელობები", - აცხადებს ზურაბიშვილი.
ამასთან, დავით ზურაბიშვილის შეფასებით, ხელისუფლების დიდ მიღწევად ვერ ჩაითვლება ის ფაქტი, რომ დედაქალაქის ყოფილი მერი და ოპოზიციური პოლიტიკური ძალის ლიდერი ცხრა თვეზე მეტ ხანს იყო წინასწარ პატიმრობაში, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ, სრულიად სამართლიანად სცნო კონსტიტუციასთან შეუსაბამო ნორმად.
"ის დრო, როდესაც სასამართლო სისტემა პროკურატურის მონა–მორჩილი იყო და პოლიტიკურ დაკვეთას უსიტყვოდ ასრულებდა, იმედია სამუდამოდ ჩაბარდება წარსულს და თუ დღეს ეს საქმე შესაძლოა ხელისუფლების პოლიტიკურ მარცხად აღიქვას ვინმემ, ხვალ იგი შესაძლოა ამ ხელისუფლების ერთ–ერთ მნიშვნელოვან წარმატებადაც კი იყოს აღიარებული", - წერს ზურაბიშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე.