საქართველოში აშშ-ის ახლად დანიშნულმა ელჩმა იან კელიმ რწმუნებათა სიგელების ასლი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ვიცე-პრემიერს გიორგი კვირიკაშვილს გადასცა.
რწმუნებათა სიგელების ასლის გადაცემის ცერემონიის შემდეგ, საგარეო საქმეთა მინისტრისა და ელჩის პირველი შეხვედრაც გაიმართა.
შეხვედრის ფარგლებში გიორგი კვირიკაშვილმა და იენ კელიმ ამერიკასა და საქართველოს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი საკითხები მიმოიხილეს.
შეხვედრაზე აღინიშნა აშშ-ის მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით. ასევე აღინიშნა ამერიკის მხარდაჭერა საქართველოში დემოკრატიული რეფორმების განხორციელების მიმართულებით.
მინისტრმა და ელჩმა ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების აუცილებლობას.
„ტრადიციისამებრ, ჩვენმა მთავარმა სტრატეგიულმა პარტნიორმა ელჩად ძალზედ გამოცდილი და შთამბეჭდავი ბიოგრაფიის მქონე დიპლომატი მოავლინა. ბატონი იან კელის ოცდაათწლიანი გამოცდილება როგორც ორმხრივი, ისე მრავალმხრივი დიპლომატიის საკითხებში მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომ გაღრმავებასა და განმტკიცებას“-აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა
შეხვედრის დასასრულს გიორგი კვირიკაშვილმა წარმატება უსურვა იენ კელის და მის მომავალ საქმიანობაში საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელით სრული მხარდაჭერა აღვუთქვა.