ევროპის ახალი სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში, ევროკავშირთან მეტი ინტეგრაციის მსურველი ქვეყნებისთვის პოლიტიკური მხარდაჭერა გაიზრდება, ასევე, 2020 წლამდე გრანტის სახით 50 მილიარდ ევრომდე გამოიყოფა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ ლევან ბოძაშვილმა განუცხადა, ამის შესახებ სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებზე მოლაპარაკებებში ევროკომისარმა, იოჰანეს ჰანმა დღეს, ბრიუგეში, ევროპის კოლეჯში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ბრიუგეში ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის რეფორმირების თემაზე კონფერენცია მიმდინარეობს, რომელსაც ლევან ბოძაშვილიც ესწრება.
"ევროკომისარმა ჰანმა თქვა, რომ ვინაიდან არიან ქვეყნები, რომლებსაც უნდათ ან არ უნდათ ინტეგრაცია სამეზობლო პოლიტიკაში, ევროკავშირი განსაკუთრებული ყურადღებით მოექცევა მეტი ინტეგრაციის მსურველ ქვეყნებს. ეს გამოიხატება იმაში, რომ ამ ქვეყნების მიმართ პოლიტიკური მხარდაჭერა გაიზრდება და მათი დახმარების მიზნით, 2020 წლამდე, გრანტის სახით, 50 მილიარდ ევრომდე გამოიყოფა. ჰანმა აღნიშნა, რომ არიან ქვეყნები, რომლებსაც ინტეგრაციული პროცესების მეტი შანსი აქვთ და არიან, მაგალითად, აფრიკული ქვეყნები, რომლებიც ასევე შედიან სამეზობლო პოლიტიკაში, თუმცა არ აქვთ შანსი, თუნდაც გეოგრაფიული მდგომარეობიდან გამომდინარე. ამიტომ მომავალი სამეზობლო პოლიტიკის ქვაკუთხედი იქნება დიფერენციული მიდგომა. ეს გულისხმობს შემდეგს _ ის ქვეყნები, რომლებიც ევროკავშირის აღმოსავლეთით არიან და ურთიერთობების მეტი ინტენსიფიკაცია სურთ, გეოგრაფიული თვალსაზრისით აღარ იქნებიან განხილული. ინდივიდუალური მიდგომა შემუშავდება სამეზობლო პოლიტიკის იმ ქვეყნებისთვის, რომელთაც არ სურთ ინტეგრაცია ან ეს ინტეგრაცია მათთვის არ არის პერსპექტიული, მაგალითად, ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნებისთვის და უფრო მეტ ინტეგრაციში მყოფი ქვეყნებისთვის, მაგალითად, საქართველოსთვის, მოლდოვასთვის, უკრაინისთვის. აქ იქნება განსაკუთრებული რეჟიმები, ხოლო 50 მილიარდი გადანაწილდება ამ ქვეყნების მიერ გატარებული რეფორმების მიხედვით, ანუ თუ ქვეყანა ევროინტეგრაციის გზაზე უფრო მეტ რეფორმას ახორციელებს და ევროკავშირის მოთხოვნებს მეტად ითვალისწინებს, მიიღებს გაცილებით მეტ თანხებს, ვიდრე ისინი, ვისაც ამის სურვილი არ აქვს", - განაცხადა ბოძაშვილმა და დასძინა, რომ აღნიშნული თანხა სამეზობლო პოლიტიკის 16 ქვეყანაზე გადანაწილდება, მაგრამ საქართველოზე, უკრაინასა და მოლდოვაზე უფრო მეტად, ვიდრე - დანარჩენებზე.
InterPressNews.Geლევან ბოძაშვილი მიიჩნევს, რომ ევროკავშირის ახალი სამეზობლო პოლიტიკით გათვალისწინებული მიდგომები დღეს არსებულზე უკეთესი იქნება, ვინაიდან პარტნიორი ქვეყნების რეგიონულ ჭრილში განხილვა სამეზობლო პოლიტიკის დიდი მინუსი იყო.
"მაგალითად, სამხრეთ კავკასიისადმი ჰქონდათ ერთიანი მიდგომა, ისევე, როგორც ხმელთაშუა ზღვის მოსაზღვრე ქვეყნებისთვის, მაგრამ ევროკავშირი მიხვდა, რომ ეს პოლიტიკა უნდა შეიცვალოს სწორედ ინდივიდუალური მიდგომის შემოღების კუთხით. მაგალითად, ჰანმა თქვა ასეთი რამ - თბილისში ევროკავშირის უფრო მეტი დროშაა, ვიდრე ევროკავშირის ქალაქებში; საქართველოში ხალხს ევროკავშირში ინტეგრაცია უფრო მეტად უნდა, ვიდრე სხვა ქვეყნებში, ამიტომ შეცდომა იქნება, თუ ევროკავშირს ამაზე პოზიტიური რეაქცია არ ექნებაო", - განაცხადა ლევან ბოძაშვილმა.
მისივე ინფორმაციით, ევროკომისარმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების თვალსაზრისით ოპტიმისტურად არის განწყობილი.
ევროკავშირმა სამეზობლო პოლიტიკის გადახედვა მიმდინარე წლის მარტში დაანონსა და ამ თემაზე კონსულტაციები დაიწყო. ახალი დოკუმენტი 2015 წლის ნოემბერში იქნება მიღებული.
"ევროპის სამეზობლო პოლიტიკა" ევროკავშირის მეზობელ ქვეყნებთან კავშირების გასამყარებლად 2003 წელს შეიქმნა. პროგრამა აღმოსავლეთ პარტნიორობის 6 ქვეყანას - საქართველოს, აზერბაიჯანს, სომხეთს, ბელორუსს, მოლდოვას, უკრაინას, ასევე სამხრეთით მოსაზღვრე ქვეყნებს - ალჟირს, ეგვიპტეს, ისრაელს, იორდანიას, ლიბანს, ლიბიას, მაროკოს, პალესტინას, სირიას და ტუნისს მოიცავს.