"საკონსტიტუციო სასამართლოს არ უმსჯელია ვინმეს ბრალეულობაზე და ავკარგიანობაზე"

პარლამენტის თვამჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლომ იმსჯელა კანონის კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით შეტანილ დავაზე და არა ვინმეს ბრალეულობაზე.

ამასთან, უსუფაშვილის თქმით, პარლამენტში აღნიშნული კანონების შეცვლასთან დაკავშირებით არცერთი ინიციატივა არ შესულა. 

"საკონსტიტუციო სასამართლოს არ უმსჯელია ვინმეს ბრალეულობაზე და ავკარგიანობაზე. საკონსტიტუციო სასამართლომ იმსჯელა კანონის კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით შეტანილ დავაზე, კანონისა, რომელიც წინა მოწვევის პარლამენტებმა მიიღეს, "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის დროს. ამ კანონების შეცვლასთან დაკავშირებით არ შემოსულა არანაირი ინიციატივა, არც წინა მოწვევაში და არც ამ პარლამენტში. ასე რომ ჩვენი ოპოზიციონერი კოლეგები, რომლებიც დღეს სხვანაირად წარმოაჩენენ ამ თემას, მინდა, რომ ყველასთვის ნათელი იყოს ეს ამბავი. მოპასუხე სასამართლოში იყო პარლამენტი, ვინაიდან, ჩვენ ვართ სამართალმემკვიდრე დღემდე არსებული პარლამენტების და მოქმედ კანონმდებლობაზე ჩვენ ვართ პასუხისმგებელი. ჩვენ გვინდა მოსამართლეები, რომლებიც ყველას და ყველაფერს უსმენენ, მაგრამ მოქმედებენ საკუთარი გონების და სინდისის კარნახით", - განაცხადა უსუფაშვილმა

საკონსტიტუციო სასამართლომ "გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ" საქმეზე სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა. არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის 1 და 6 მუხლებთან მიმართებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 205-ე მუხლის მეორე ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც უშვებს კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულის პატიმრობას, თუ ამ საქმეზე ბრალის წაყენების, ან ბრალის წაყენების საკმარისი საფუძველის გამოვლენის შემდეგ, მას პატიმრობაში ერთობლივად გატარებული აქვს 9 თვე.

გადაწყვეტილებას ხელს პლენუმის წევრები: გიორგი პაპუაშვილი, კონსტანტინე ვარძელაშვილი, ქეთევან ერემაძე, მაია კოპალეიშვილი, ზაზა თავაძე, ოთარ სიჭინავა, ლალი ფაფიაშვილი თამაზ ცაბუტაშვილი აწერენ. დოკუმენტს ხელი მხოლოდ მერაბ ტურავამ არ მოაწერა.