"საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორის ეკა გიგაურის თქმით, ყოფილი მერი გიგი უგულავა საპატიმროს რამდენიმე პროცედურის გავლის შემდეგ დატოვებს.
"საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება და მისი გამოქვეყნება არ ნიშნავს იმას, რომ მან ავტომატურად უნდა დატოვოს სასჯელაღსრულების დაწესებულება. ვფიქრობ, კანონით სწორი გზა არის ის, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, ადვოკატებმა შუამდგომლობით მიმართონ სასამართლოს და სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს, რომ გიგი უგულავამ დატოვოს დაწესებულება",- განაცხადა გიგაურმა
საკონსტიტუციო სასამართლომ "გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ" საქმეზე სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა. არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის 1 და 6 მუხლებთან მიმართებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 205-ე მუხლის მეორე ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც უშვებს კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულის პატიმრობას, თუ ამ საქმეზე ბრალის წაყენების, ან ბრალის წაყენების საკმარისი საფუძველის გამოვლენის შემდეგ, მას პატიმრობაში ერთობლივად გატარებული აქვს 9 თვე.
გადაწყვეტილებას ხელს პლენუმის წევრები: გიორგი პაპუაშვილი, კონსტანტინე ვარძელაშვილი, ქეთევან ერემაძე, მაია კოპალეიშვილი, ზაზა თავაძე, ოთარ სიჭინავა, ლალი ფაფიაშვილი თამაზ ცაბუტაშვილი აწერენ. დოკუმენტს ხელი მხოლოდ მერაბ ტურავამ არ მოაწერა.