საპარლამენტო უმცირესობის წევრის სერგო რატიანის განცხადებით, იმისთვის, რომ ხელისუფლებამ მინიმალური სახე მაინც შეინარჩუნოს გიგი უგულავა დღეს უნდა გაათავისუფლოს.
"პრეზიდენტი აცნობიერებს, რომ ის არის კონსტიტუციის გარანტი. სხვა გამოსავალი უბრალოდ არ არსებობს იმისთვის, რომ სახელმწიფომ და ხელისუფლებამ შეინარჩუნოს სახე მინიმალურად მაინც. აუცილებელია, რომ უგულავა, რომელიც უკანონო პატიმარია უკვე 15 თვეა, მისი გათავისუფლება დღეს მოხდეს", - განაცხადა რატიანმა
გიგა ბოკერიას განცხადებით კი, ინსტიტუტების და კონსტიტუციის უგულვებელყოფამ მიაღწია იმ ზღვრას, რომ ამაზე თვალის დახუჭვა შეუძლებელია.
"საქმე უგულავაში ან რომელიმე პარტიაში არ არის, ეს პრობლემაა და ქვეყანა ყველა მიმართულებით უფსკრულისკენ მიჰყავთ. აუცილებელია რომ იზეიმოს კონსტიტუციამ. საერთო ჯამში, ჩვენ დავბრუნდებით კონსტიტუციის განვითარების, ეკონომიკური განვითარების და ქვეყნის წინსვლის გზაზე, ამას სჭირდება ივანიშვილის რეჟიმის დასრულება კონსტიტუციის გზით. ესაა პატარა ნაწილი იმ ბრძოლის, რომელიც მშვიდობიანი და დემოკრატიული გზით გაგრძელდება. მოთხოვნა გვაქვს, რომ გაათავისუფლონ უგულავა, ამას არ სჭირდება სასამართლო პროცესი. ყველა პოლიტპატიმარი, მათ შორის ახალაიაც იქნება გათავისუფლებული და ქვეყანა დაადგება განვითარების გზას", - განაცხადა ბოკერიამ.