17.00 საათზე სასამართლომ წერტილი უნდა დაუსვას გიგი უგულავას უკანონო პატიმრობის საკითხს, - ამის შესახებ უგულავას ინტერესების დამცველმა ბექა ბასილაიამ "იმედისა" და რიყის ტერიტორიის გასხვისების საქმეზე სასამართლო სხდომის გადადების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც ადვოკატმა აღნიშნა, დაცვის მხარე გუშინ და დღეს ისმენდა, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულება ვერ გაათავისუფლებს უგულავას და ადვოკატის თქმით, სწორედ აღნიშნული სპეკულაციების შემდეგ დაცვის მხარემ საქალაქო სასამართლოს მიმართა შუამდგომლობით, უგულავას პატიმრობიდან გათავისუფლების შესახებ.
"ჩვენი ეს მოთხოვნა, ეს კიდევ ერთი ხუშტური, რაც ისმოდა ხელისუფლების მხრიდან, რომ აუცილებლად სასამართლომ უნდა იზრუნოს ამ საკითხზე, დავაკმაყოფილეთ. შევიტანეთ შუამდგომლობა სასამართლოში და 17.00 საათზე უპირობოდ ველოდებით გიორგი უგულავას გათავისუფლებას", - განაცხადა ბექა ბასილაიამ.
რაც შეეხება "იმედისა" და რიყის ტერიტორიის გასხვისების საქმეს, იგი დაცვის მხარის, მათ შორის, ბრალდებულ უგულავას შუამდგომლობის საფუძველზე, ხვალ 12.00 საათვისთვის გადაიდო. ხვალ დაცვის მხარე ამ საქმეზე დასკვნით სიტყვას წარმოადგენს, რის შემდეგაც ბრალდებულ უგულავას საბოლოო სიტყვის თქმის უფლება ექნება, სასამართლო კი, შემაჯამებელი გადაწყვეტილების მისაღებად გავა.