პანიკას და კატასტროფას ივანიშვილის მმართველობა ქმნის, - ასე გამოეხმაურა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია კოალიცია "ქართული ოცნების" დეპუტატის მანანა კობახიძის განცხადებას, რომლის მიხედვითაც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ქვეყანაში პანიკას ქმნის.
გიგა ბოკერიას განცხადებით, მოსახლეობამ ივანიშვილის მთავრობა იმისთვის აირჩია, რომ ქვეყანა წინ წაიყვანოს, ნაცვლად ამისა, ქვეყანა მოქმედ ხელისუფლებას უფსკრულისკენ მიჰყავს.
"პანიკას და კატასტროფას საქართველოს ეკონომიკაში, უსაფრთხოების კუთხით და ყველგან ივანიშვილის მმართველობა ქმნის. ისინი აირჩიეს, რომ ქვეყანა წინ წაეყვანათ და ახლა უფსკრულისკენ მივყავართ", - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
პარტიის ერთ-ერთი ლიდერის შეფასებით, ქალაქის ყოფილი მერი გიგი უგულავა, კანონის მიხედვით, ამჟამად თავისუფალი უნდა იყოს.
"არანაირი ახალი სასამართლო პროცესი საჭირო არ უნდა ყოფილიყო, 72 საათის შემდეგ სასამართლოს განაჩენის გარეშე ციხეში არ უნდა იჯდეს პირი, სასჯელაღსრულების დეპარტამენტი აღარ ელოდება ახალ გადაწყვეტილებას, იგივე შეეხება ამ საკითხსაც. საკონსტიტუციო სასამართლომ თქვა, რომ კანონის ინტერპრეტაცია არის ანტიკონსტიტუციური. მეტი აღარაფერია განსახილველი. ბიძინას ერთი მიმართულება აქვს, ოპონენტების დევნა, რათა ხელისუფლება შეინარჩუნოს", - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
მისივე თქმით, დღევანდელი სასამართლო პროცესი და ყოფილი მაღალჩინოსნების დევნა არის მართული.
"ეს ყველაფერი პოლიტიკურად მართულია და გვყავს რეჟიმი, რომელიც ამ ყველაფრის შესრულებას უთმობს მთელ ენერგიას, ანგრევს ეკონომიკას და ჩვენ ეს რეჟიმი უნდა გავუშვათ ხელისუფლებიდან კანონიერი და კონსტიტუციური გზებით", - განაცხადა გიგა ბოკერიამ თბილისის საქალაქო სასამართლოში.