გუშინდელი საღამოდან ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ცდილობს, იძალადოს სახელმწიფო ინსტიტუტებზე, სასამართლოზე, სამინისტროებზე, ზოგადად საზოგადოებაზე, - ამის შესახებ პარლამენტი ვიცე-სპიკერმა, მანანა კობახიძემ დედაქალაქის ყოფილი მერის, გიგი უგულავას საქმესთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების კომენტირებისას განაცხადა.
მისივე თქმით, ,,ნაციონალური მოძრაობა" ცდილობს, არსებული სიტუაცია ქვეყანაში დესტაბილიზაციისთვის გამოიყენოს.
,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ცდილობს, შეცდომაში შეიყვანოს ჩვენი მოსახლეობა, რაც ემსახურება დესტაბილიზაციის შექმნას. სამწუხაროდ ამასთან დაკავშირებით გაკეთდა არასწორი კომენტარები. საკონსტიტუციო სასამართლოს გუშინდელი გადაწყვეტილება შეეხება იმ ნორმას, რომელიც მიღებულია ,,ერთიანი ნაციონალური" მოძრაობის პერიოდში. სამწუხაროდ, ეს იყო ის პერიოდი, როდესაც არაკონსტიტუციური ნორმებით იმართებოდა ქვეყანა და ეს არის რეალობა. ამ ნორმის მოქმედებით არაერთი ათეული პატიმარი იყო წინასწარ პატიმრობაში როგორც ჩანს. თუ საკონსტიტუციო სასამართლომ ეს ნორმა ცნო არაკონსტიტუციურად და მართლა მასში არის ასეთი შინაარსი, რა თქმა უნდა ეს არის სწორი და ჩვენ ვართ ვალდებული დავექვემდებაროთ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას და აღვასრულოთ ის. ამ ქვეყანაში დაცული უნდა იყოს ყველას უფლება, მათ შორის გიგი უგულავასი. მეორე საკითხია, როგორ უნდა აღსრულდეს ეს გადაწყვეტილება. ჯერჯერობით დღეს ჩვენ რაც ხელთ გვაქვს, ეს არის პრესსრელიზი, რომელიც გამოქვეყნებულია საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე. სარეზოლუციო ნაწილიც კი არ არის სრულად ჩამოყალიბებული", - აღნიშნა მანანა კობახიძემ.
მისივე მოსაზრებით, ვერც პარლამენტი და ვერც საერთო სასამართლო პრესსრელიზით ვერ იხელმძღვანელებენ, საჭიროა დასაბუთებული, სრულყოფილი ხელმოწერილი გადაწყვეტლება, როგორც აღწერილობითი სამოტივაციო ნაწილებით, ასევე სრულყოფილი სარეზოლუციო ნაწილით, რადგან ვნახოთ, როგორ შეფასებებს იძლევა სასამართლო.
"უშუალოდ საკონსტიტუციო სასამართლო ვერ დაავალდებულებს ვერც სასჯელაღსრულების მინისტრს, ვერც ციხის დირექტორს, გაათავისუფლოს გიგი უგულავა ან რომელიმე პატიმარი. სასამართლოს ბრძანება დაპატიმრების შესახებ უნდა შეიცვალოს მხოლოდ საერთო სასამართლოების მოსამართლის ბრძანების გადაწყვეტილებით და სხვას არავის, არც საკონსტიტუციო სასამართლოს, არავის არ აქვს უფლება განსაზღვროს პირი იყოს თავისუფლებაში თუ არა. ეს გადაწყვეტილება როდესაც იქნება გამოქვეყნებული, დასაბუთებული, ბუნებრივია საპროცესო ნორმების, სისხლის სამართლოს კოდექსის მოქმედი ნორმების დაცვით, სასამართლო იმსჯელებს ამ საკითხზე. ამ საკითხზე აჟიოტაჟის შექმნა, მივარდნები ეს არ არის ნამდვილად სწორი და ემსახურება ერთადერთ რამეს, შექმნან ზედმეტი დესტაბილიზაცციის ფონი ქვეყანაში. ამიტომ, კეთილი ინებოს ,,ნაციონალურმა მოძრაობამ", დაელოდოს საერთო სასამართლოს მოსამართლის გადაწყვეტილებას. დაემორჩილოს კანონს, საპროცესო კოდექსს და იმოქმედოს ზუსტად კონსტიტუციის ფარგლებში. ჩვენ პარლამენტი მზად ვართ აღვასრულოთ ეს გადაწყვეტილება როდესაც მოვა ეს გადაწყვეტილება კანონით გათვალისწინებული წესით და როცა ის გამოქვეყნდება საკანონმდებლო მაცნეში, 15 დღის ვადაში. ეს არის ჩვენი პოზიცია", - აღნიშნა მანანა კობახიძემ.
მისივე განმარტებით, თუ ეს ნორმა არაკონსტიტუციური იყო და სასამართლომ შინაგან რწმენაზე დაყრდნობით დამოუკიდებლად, თავისუფლად, მიუკერძოებლად, ყოველგვარი ჩარევის გარეშე მიიღო გადაწყვეტილება, ეს არის პროგრესი.
"ეს ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში რეჟიმი დასრულებულია და ხელისუფლება არ აკონტროლებს არც ერთ სასამართლოს. მაგრამ თუ ეს გადაწყვეტილება მიღებულია ,,ნაციონალურ მოძრაობასთან" მეგობრობით, მათთან კავშირებით და გარკვეული დამოკიდებულებებით, რომელიც სამწუხაროდ ეჭვი მაქვს არსებობს, მაშინ ბუნებრივია ჩვენ აქ გვაქვს პრეტენზია და როგორც ჩანს, კიდევ შეიძლება იყოს პრობლემები ასეთი გავლენების და დამოკიდებულებების გამო. მე არ ვარ ისეთი ოპტიმისტი ვთქვა, რომ გიორგი პაპუაშვილი დღეს თავისუფლია ,,ნაციონალური მოძრაობის" გავლენებისგან. ეს არის რეალობა და ჩვენ ეს უნდა დავინახოთთ და ვთქვათ ეს", - განაცხადა მანანა კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.