თბილისის საქალაქო სასამართლოში დედაქალაქის ყოფილი მერის გიგი უგულავას საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
როგორც პროცესზე გიგი უგულავამ აღნიშნა, ის დღეს საბოლოო სიტყვის თქმას არ აპირებს, თუმცა, გიგი უგულავა ერთ საათზე მეტი ხნის განმავლობაში პროცესზე სიტყვით გამოდიოდა, სადაც მის უკანონო პატიმრობასა და საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე საუბრობდა.
"მე დღეს არ ვაპირებ საბოლოო სიტყვის თქმას, რადგან ამ ემოციურ-სამართლებრივ კონტექსტში, შეუძლებელია, ვიყო მზად, ვილაპარაკო", - აღნიშნა უგულავამ
გიგი უგულავამ იმედი გამოთქვა, რომ დაცვის მხარის შუამდგომლობაზე, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გუშინ მიღებულ გადაწყვეტილებას ეხება, მოსამართლე სახეს შეინარჩუნებს როგორი გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს.
უგულავამ მოსამართლეს მიმართა, რომ არსებობს ერთადერთი გამოსავალი - ან შეწყვიტოს სასამართლო პროცესი, ან შუამდგომლობის საკითხი გადაწყვიტოს.
შეგახსენებთ,რომ პროცესის დაწყებისთანავე დაცვის მხარემ მოსამართლესთან დააყენა შუამდგომლობა საკონსტიტუციო სასამართლო გადაწყვეტილება სამართლიანად სცნოს და გიგი უგულავა პატიმრობიდან გაათავისუფლოს.