ლარის კურსი მოქმედებს ყველაზე, როგორც მოსახლეობაზე, ისე ბიზნესზე

ლარის კურსი მოქმედებს ყველაზე, როგორც მოსახლეობაზე, ისე ბიზნესზე

ლარის კურსი მოქმედებს აბსოლუტურად ყველაზე, როგორც მოსახლეობაზე, ისე  - ბიზნესზე, – ამის შესახებ "ვისოლ ჯგუფის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, სოსო ფხაკაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ფხაკაძე ფიქრობს, რომ საქართველოში შექმნილი ვითარება არ უნდა განიხილებოდეს რეგიონში მიმდინარე პროცესებისგან განცალკევებით.

"ლარის კურსი მოქმედებს აბსოლუტურად ყველაზე – როგორც მოსახლეობაზე, ასევე ბიზნესზე. მთელ მსოფლიოში ასეა, რომ ბიზნესი კეთდება მომავალზე გათვლით და რასაკვირველია, თუ გაქვს პოზიტიური მოლოდინები, უფრო მეტი და მეტი ინვესტიციები ხორციელდება ბიზნესსა და ეკონომიკაში. თუმცა, დღევანდელი ვითარება არ შეიძლება ცალკე განვიხილოთ იმისგან, რაც ხდება რეგიონში – რეგიონში ძალიან მძიმე ვითარებაა, თითქმის ყველა ქვეყანა პრობლემის წინაშეა. ამ დროს, ჩემი აზრით, სახელმწიფომ და ბიზნესმა ერთად უნდა ვიმუშაოთ და ვიბრძოლოთ, იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი უცხოური ვალუტა შემოვიდეს ქვეყანაში. ეს არის ერთადერთი სწორი გზა იმისთვის, რომ მოვახდინოთ ჩვენი ეროვნული ვალუტის გამყარება", - განაცხადა სოსო ფხაკაძემ.

მისივე თქმით, პირადად მას აქვს მოლოდინი, რომ "თანდათან ქვეყანა მიიღებს ჯანსაღ და ნორმალურ სახეს. ეკონომიკა და ბიზნესი კი ძლიერი გახდება".

"ჩემი მოლოდინი არის ყოველთვის გათვლილი იმაზე, რომ უფრო კარგი დღე იქნება ხვალ, ვიდრე არის დღეს, ასეთი მოლოდინი რომ არ გვქონდეს, არც 5 ათას ადამიანს დავასაქმებდით და არც 7-8 კომპანიას შევქმნიდით. ასე რომ, ვფიქრობ, ქვეყანა თანდათან მიიღებს ჯანსაღ, ნორმალურ სახეს; ეკონომიკა და ბიზნესი კი ძლიერი იქნება. ეს არ მოხდება ერთ ან ორ წელიწადში, მაგრამ ამისკენ მივდივართ", - აღნიშნა "ვისოლის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, რომლის განმარტებითაც ძლიერი ეკონომიკა არის ქვეყნის წარმატების მთავარი ფორმულა.