პატიმრობაში მყოფი თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას განცხადებით, მას ერთი კვირის წინ მისცეს უფლება ტელევიზორი შეეძინა, რაც იმის მანიშნებელი იყო, რომ მისი ციხიდან გამოშვებას არ აპირებდნენ.
როგორც უგულავამ დღევანდელ სასამართლო პროცესზე, დასკვნითი სიტყვის წარმოთქმისას აღნიშნა, მან დანამდვილებით იცის, რომ ეს გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილმა ირაკლი შოთაძესთან საუბრისას მიიღო.
"საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამდე ძალიან სასაცილო ისტორია მოხდა, ერთი კვირით ადრე ცნობილი გახდა რა განზრახვა აქვს ივანიშვილს. ერთი კვირის წინ მომცეს უფლება ტელევიზორი შემეძინა, ეს იყო იმის ინდიკატორი, რომ არავინ აპირებდა ჩემს გამოშვებას. დანამდვილებით ვიცი, რომ ეს გადაწყვეტილება ივანიშვილმა შოთაძესთან საუბრისას მიიღო. ჩემი პატიმროება წინასწარ არის განზრახული, რომელიც ალბათ პატიმრობად დარჩება, თუმცა, ზოგიერთი მოსამართლის გამბედაობა მაძლევს საფუძველს, იმედს და მოტივაციას უკან არ დავიხიო. შესაძლოა, მე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით ვერ ვისარგებლო, მაგრამ ჩვენს ბრძოლას აზრი აქვს და ექნება. უსუსურია ის სირაქლემას პოზიცია, რასაც ვაკვირდებით გუშინდელის შემდეგ, აღმასრულებელი ხელისუფლებსი მხრიდან", - განაცხადა უგულავამ.
თბილისის ყოფილი მერი პროცესზე ამ წუთებშიც დასკვნით სიტყვას წარმოთქვამს, პროცესის დაწყებისთანავე დაცვის მხარემ დააყენა შუამდგომლობა, რომ მოსამართლეს საკონსტუტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღესრულებინა, მიუხედევად იმისა, რომ დღევანდელი სასამართლო პროცესი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას არ ეხება.