საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მრჩეველის, გიორგი ბაქრაძის განცხადებით, ლარის კურსის გაუფასურებაზე დღეს ძირითად გავლენას უარყოფითი მოლოდინები ახდენს , – ამის შესახებ ბაქრაძემ ჟურნალისტებს "თბილისის მარიოტში" იმ დისკუსიის დაწყებამდე განუცხადა, რომელიც საქართველოს ეკონომიკაზე ეროვნული ვალუტის დევალვაციის გავლენას ეხება.
როგორც ბაქრაძემ აღნიშნა, საგარეო შოკი კურსზე იყო ასახული, ახლა პრობლემაა სწორედ უარყოფითი მოლოდინები და ზოგიერთი ვაი-ექსპერტების გამოსვლები, რომ კურსი გაუფასურდება.
ეროვნული ბანკის მრჩეველი მიიჩნევს, რომ ეს ყველაფერი ლარის კურსზე ძალიან მოქმედებს.
"ჩვენ ვთვლით, რომ საგარეო შოკი კურსზე იყო და არის ასახული, ახლა პრობლემაა მოლოდინები და გარკვეულწილად ზოგიერთი ვაი-ექსპერტის გამოსვლები, რომ აი, გაუფასურდება და ა.შ. ეს ძალიან მოქმედებს. დღეს კურსის დინამიკაზე ძირითად გავლენას ახდენს მოსახლეობის უარყოფითი მოლოდინი და პირველ რიგში საჭიროა ამ უარყოფითი მოლოდინის შერბილება. ისევ და ისევ ნაკლებად უნდა დაუჯერონ ზოგიერთ ექსპერტს", - განაცხადა ბაქრაძემ.
კითხვაზე, უნდა მოხდეს თუ არა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება, ბაქრაძემ აღნიშნა, რო ამ ეტაპზე ვერაფერს იტყვის, მალე გაიმართება მონეტარული პოლიტიკის სხდომა და მისი გადაწყვეტილება საზოგადოებისთვის გახდება ცნობილი.
"ვთვლი, რომ თუ უარყოფითი მოლოდინები ჩაცხრა, ხალხი დაინახავს და დარწმუნდება იმაში, რომ პანიკის საფუძველი ამ ეტაპზე არ არის. მგონია, სიტუაცია კურსთან დაკავშირებით უნდა დაწყნარდეს. დღეს ძირითადი გავლენა ლარის კურსზე მოდის მოლოდინებიდან", - განაცხადა ბაქრაძემ.
რაც შეეხება საგარეო ფაქტორებს, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მრჩეველმა აღნიშნა, რომ იყო საგარეო შოკი, რომელიც ზოგადად რეგიონისთვის სერიოზული დარტყმა გახლდათ. თუმცა მოხდა იმპორტის შემცირება და ეს ყველაფერი კურსზე უკვე ასახულია.
ბაქრაძემ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ დღეს ძირითადი პრობლემა არის უარყოფითი მოლოდინები.
რაც შეეხება რეფინანსირების სესხებს, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მრჩეველის განცხადებით, რეფინანსირების სესხი ფულის მასაზე გავლენას არ ახდენს.
კითხვაზე, აპირებს თუ არა ეროვნული ბანკი ინტერვენციების განხორციელებას, ბაქრაძემ აღნიშნა, რომ ვერაფერს იტყვის.
"არ მგონია, რომ ინტერვენციებს ჰქონდეს ახლა აზრი, იმის გამო, რომ დღევანდელი კურსის დინამიკა არის უარყოფითი მოლოდინების შედეგი, ინტერვენციებს უბრალოდ გადამწყვეტი როლი არ ექნება", - აღნიშნა ბაქრაძემ.
კითხვაზე, უნდა იყოს თუ არა მეტი კომუნიკაცია საზოგადოებასთან, ბაქრაძე მიიჩნევს, რომ კომუნიკაცია არის. მისი თქმით, მთავრობის წარმომადგენლებიც გამოდიან და აცხადებენ, რომ ეს არის მოლოდინების ამბავი.