ნარკოტესტირებასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს პოზიცია ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე ხმაურის და კამათის მიზეზი გახდა. შსს-ს არგუმენტები არც ოპოზიციას და არც უმრავლესობის წევრებს მოეწონათ.
კამათი შს სამინისტროს წარმომადგენლის სოფო გელაძის იმ განმარტებას მოყვა, რომლის მიხედვით, ნარკოტესტირებისას საქმე ეხება არამხოლოდ კრიმინალის წინააღმდეგ ბრძოლას, არამედ ქვეყნის გენოფონდის დაცვას და ნარკოტიკებისგან თავისუფალი მომავალი თაობების არსებობას.
ოპოზიციონერი დეპუტატი ზურაბ ჯაფარიძე დაინტერესდა, თუ სად წერია და ვინ დაავალა შინაგან საქმეთა სამინისტროს გენოფონდის დაცვა. მისი თქმით, ამით შსს-ს ამბობს, რომ ნარკოტიკების მოხმარებით ადამიანებს გენები უფუჭდება და შთამომავლობის გენებს პრობლემა ექმნება.
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ გედევან ფოფხაძემ კი აღნიშნა, რომ შსს-ს არგუმენტებს და აქცენტებს არ იზიარებს და უწყების პოზიცია მისთვის არადამაკმაყოფილებელი იყო.
საუბარია ოპოზიციონერი დეპუტატის გოგა ხაჩიძის პროექტზე, რომლის მიხედვით, პირის ნების საწინააღმდეგო, იძულებითი ნარკოტესტირება მხოლოდ სასამართლოს ნებართვით შეიძლება განხორციელდეს.
პროექტი დღეს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში განიხილეს, სადაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ საკუთარი უარყოფითი პოზიცია დააფიქსირა. როგორც უწყების წარმომადგენელმა განმარტა, ნარკოტესტირებას აქვს როგორც კრიმინალის წინააღმდეგ ბრძოლის, ასევე პრევენციის მიზანი, ხოლო კანონში დაგეგმილი ცვლილებები, მისი მიღების შემთხვევაში, ბარიერს შექმნის და შემოწმების შესაძლებლობას გაართულებს. კომიტეტის სხდომაზე ითქვა ისიც, რომ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომელი ნარკოტესტირებას ითხოვს არა გონივრული ეჭვის, არამედ ობიექტურ საფუძველზე, რა კრიტერიუმებიც შს მინისტრის კანონქვემდებარე აქტით არის გაწერილი.
გოგა ხაჩიძემ კი განმარტა, რომ ე.წ. ქუჩის ნარკოტესტირება ადამიანის ღირსების შემლახავ, შეურაცხმყოფელ პრაქტიკას წარმოადგენს და ეფექტს არ იძლევა. ხაჩიძის ინფორმაციით, კვლევები ადასტურებს, რომ ნარკოტესტირების ფარგლებში შემოწმებულთა 70%-ი ნარკოტიკული საშუალებების ზემოქმედების ქვეშ არ აღმოჩნდა.