მოსკოვი სირიისთვის სამხედრო დახმარების შეწყვეტას არ აპირებს

მოსკოვი სირიისთვის სამხედრო დახმარების შეწყვეტას არ აპირებს

რუსეთი სირიის მთავრობისთვის დახმარების გაწევას მომავალშიც გააგრძელებს. როგორც "რია ნოვოსტი" წერს, ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ტაჯიკეთის დედაქალაქ დუშანბეში, კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის (ОДКБ) საბჭოს სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

"ტერორისტული აგრესიისთვის წინააღმდეგობის გაწევაში სირიის მთავრობას მხარს ვუჭერთ. სამხედრო-ტექნიკურ დახმარებას მომავალშიც გავუწევთ და ამისკენ სხვა ქვეყნებსაც მოვუწოდებთ", - განაცხადა პუტინმა.

რუსეთის პირველი პირის შეფასებით, ტერორისტული ორგანიზაცია "ისლამური სახელმწიფო" არა მხოლოდ ახლო აღმოსავლეთს, არამედ ევროპასა და საბჭოთა კავშირის ყოფილ ქვეყნებს ემუქრება.

"ისინი გააქტიურებას ევროპაში, რუსეთში, ცენტრალურ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში გეგმავენ – ჩვენთვის ეს შემაშფოთებელია. "ისლამური სახელმწიფოს" რიგებში იდეოლოგიურ და სამხედრო მომზადებას ბევრი ქვეყნის მებრძოლი გადის. სამწუხაროდ, ამ სიაში ევროპული ქვეყნები, რუსეთი და საბჭოთა კავშირის ყოფილი რესპუბლიკებიცაა. რა თქმა უნდა, ჩვენ გვაშფოთებს მათი შესაძლო დაბრუნება ჩვენს ტერიტორიებზე", - განაცხადა პუტინმა.