თბილისის მერის მოადგილის, ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, დედაქალაქის მერიაში ფასიანი გზების თემა არ განიხილება.
ლექვინაძის განმარტებით, თბილისი მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსის, ავთანდილ სუდაძის განცხადება იმის შესახებ, რომ გზების გარკვეულ მონაკვეთზე ფასის დაწესება, დიდ ქალაქებში საცობების თავიდან არიდებისას ერთ-ერთი გამოსავალია, კონტექსტიდან არის ამოღებული.
„ის, რაც ავთანდილ სუდაძემ განაცხადა, ეს იყო უბრალოდ მოყვანილი მაგალითი სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილებიდან. ეს იყო მისი პერსონალური მოსაზრება. ის, რაც გავრცელდა, ვფიქრობ, გარკვეულწილად კონსტექსტიდან იყო ამოღებული. თბილისის მერიაში ფასიანი გზების თემა არ განიხილება“, - განაცხადა ლექვინაძემ.
ცნობისთვის, თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსმა ავთანდილ სუდაძემ ერთ-ერთი რადიოს ეთერში განაცხადა, რომ საცობების პრობლემის გადაჭრისას დიდი ქალაქები რამდენიმე ხერხს მიმართავენ. მათ შორის ქუჩებზე ფასიანი გადაადგილების დაწესებაა, ზოგ მონაკვეთზე კი მოძრაობა სრულად იზღუდება.