საქართველოს პირველი

საქართველოს პირველი "თავისუფლების თაობა" მალე ქვეყანას გაუძღვება

საქართველოს პირველი "თავისუფლების თაობა" მალე ქვეყანას გაუძღვება, ეკონომიკურად და პოლიტიკურად, - ამის შესახებ სახელმწიფო მინისტრმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში დავით ბაქრაძე ლიტვურ გამოცემა Delfi-ის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ მოსაზრებაში აღნიშნავს. მისი თქმით, საქართველოს ახალმა თაობამ არაფერი იცის სხვა, გარდა დასავლეთზე ორიენტირებული საქართველოსი.

"დღეს ახალი თაობა, 20 წლის ასაკის ახალგაზრდები აღარ აღწერენ საკუთარ თავს "პოსტ", იგივე "პოსტსაბჭოთა", "პოსტკომუნისტური" ტერმინის გამოყენებით. ამ თაობისთვის მეწარმეობა, დამოუკიდებლობა, სწავლა, მოგზაურობა, არჩევნები, ხმის მიცემა, სიტყვის თავისუფლება და სხვა სიტყვებით "ევროპა" არ არის მხოლოდ გზა, რასაც უნდა გაჰყვე. ეს არის გზა, საითაც მივემართებით. საქართველომ მიაღწია ხელისუფლების მშვიდობიანი გზით გადაცემას პირველად 2012 წელს", - წერს დავით ბაქრაძე.

მისივე თქმით, საქართველოში ხორციელდება რეფორმები სასამართლო სფეროში, ასევე მიღწევებია ეკონომიკის სფეროში. თუმცა, სახელმწიფო მინისტრი აღნიშნავს, რომ ეს ყველაფერი არაფერია უსაფრთხოების გარეშე, როგორც საქართველოსთვის, ასევე ევროპისთვის.

"საქართველოს გეოპოლიტიკური და გეოეკონომიკური როლი ჩვეულებრივ ფასდება იმით თუ სად მდებარეობს იგი. ამ კუთხით, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს საკუთარი მნიშვნელობის უნიკალური მოთხოვნა აქვთ. საქართველოს მდებარეობიდან გამომდინარე, თბილისს ენერგეტიკის და ლოჯისტიკური კუთხით მულტირეგიონული მნიშვნელობა აქვს. საქართველო არის ხიდი დიდ ევროპას, ახლო აღმოსავლეთს, დიდ კავკასიასა და ცენტრალურ აზიას, სამხრეთაღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპას შორის", - აღნიშნავს ბაქრაძე.

მისივე თქმით, იმ სამ ქვეყანას შორის, რომლებმაც ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება გააფორმეს, საქართველოს ყველაზე კარგი ეკონომიკა აქვს, ის ასევე ყველაზე ნაკლებად კორუმპირებულია და ყველაზე სტაბილური პოლიტიკურად.

სახელმწიფო მინისტრი უსფრთხოების საკითხზეც ამახვილებს ყურადღებას: "საქართველოს უსაფრთხოება დამოუკიდებულია როგორც ქვეყნის შესაძლებლობების გაძლიერებაზე, ასევე ევროატლანტიკურ საზოგადოებასთან კავშირების განვითარებაზე".

მისივე თქმით, ნატო-სა და საქართველოს შორის კავშირების მომდევნო ლოგიკური ნაბიჯი ვარშავაში MAP-ია. ბაქრაძე წერს, რომ ვარშავის სამიტი საქართველოში არჩევნების ერთგვარი შესავალი იქნება.

"MAP-ი არის ერთგვარი თავის დაქნევა, რომ ქვეყნის ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის პროექტი კვლავ ნარჩუნდება. ეს მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, რეგიონისა და მთლიანად ევროპისთვის", - წერს დავით ბაქრაძე ლიტვური გამოცემის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ მოსაზრებაში.