პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა 40 წუთის დაგვიანებით და სავარაუდოდ, რეგლამენტის დარღვევით გაიხსნა. მიზეზი კვორუმი გახდა.
როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი პარლამენტიდან იუწყება, კომიტეტი 14 წევრისგან შედგება. სხდომის გახსნისთვის ნახევარზე მეტის - სულ მცირე 8 დეპუტატის ყოფნაა საჭირო. კომიტეტის დღევანდელი სხდომის საოქმო ჩანაწერში რვა დეპუტატის ხელმოწერა დაფიქსირდა, თუმცა დარბაზში მხოლოდ ექვსი დეპუტატი იმყოფებოდა.
კერძოდ, სხდომის გახსნისას დარბაზში იყვნენ: გიორგი კახიანი, ფრიდონ საყვარელიძე, ბიძინა გუჯაბიძე, რუსლან პოღოსიანი, ნუკრი ქანთარია, კარლო კოპალიანი. სხდომაზე მოგვიანებით მივიდა ალი მამედოვი. დეპუტატი ოთარ ჩრდილელი სხდომის დაწყებისას დარბაზში საერთოდ არ გამოჩენილა, ოქმში კი მისი ხელმოწერა ფიქსირდება.
ამასთან, კარლო კოპალიანმა, რუსლან პოღოსიანმა და ალი მამედოვმა საკუთარი ხელმოწერა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის საოქმო ჩანაწერშიც დააფიქსირეს, რომელიც პარლამენტში საპროცედურო საკითხთა კომიტეტის პარალელურად მიმდინარეობს.
ცნობისთვის, პარლამენტში დამკვიდრდა პრაქტიკა, როცა დეპუტატები საოქმო ჩანაწერებში ხელს აწერენ და კომიტეტის სხდომას დაწყებამდე ტოვებენ.