მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური განცხადებას ავრცელებს

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური განცხადებას ავრცელებს

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სიმართლეს არ შეესაბამება გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ოზურგეთში პრემიერის ვიზიტის გამო მუნიციპალიტეტში სასწავლო და სამუშაო პროცესი შეწყდა.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოზურგეთში  „ალეგრობის“ დღესასწაულის აღსანიშნავად ჩავა, ღონისძიება კი 14:00 საათზე იწყება, მაშინ როდესაც სასწავლო პროცესი უკვე დასრულებულია.

"გვსურს, გამოვეხმაუროთ ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ოზურგეთში სტუმრობასთან დაკავშირებით, მუნიციპალიტეტში სასწავლო და სამუშაო პროცესი შეწყდა. კატეგორიულად ვაცხადებთ, რომ აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. ოზურგეთი დღეს „ალეგრობას“ ზეიმობს. სახალხო ზეიმში, რომელიც 150 წელზე მეტს ითვლის, მოსახლეობა საკუთარი სურვილით მონაწილეობს, რაც ბუნებრივია, სასწავლო და სამუშაო პროცესის შეფერხებას არ იწვევს.

ასევე აღსანიშნავია, რომ ზეიმი 14:00 საათზე იწყება, რა დროსაც სასწავლო პროცესი უკვე დასრულებულია. ჩვეულ რეჟიმში გრძელდება სამუშაო პროცესიც, თუმცა ეს არ გამორიცხავს იმას, რომ სახალხო ზეიმს საჯარო მოხელეები სურვილისამებრ შეუერთდნენ. სახალხო დღესასწაულს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრება და ოზურგეთელებს ალეგრობას მიულოცავს", - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის განცხადებაში.