გიორგი ბარამიძემ პრემიერის განცხადებაზე პარლამენტისგან რეაგირება მოითხოვა

გიორგი ბარამიძემ პრემიერის განცხადებაზე პარლამენტისგან რეაგირება მოითხოვა

გაუგებარია, როგორ უნდა მოაშოროს შინაგან საქმეთა მინისტრმა პარლამენტის წევრი საკუთარი საარჩევნო რაიონიდან, - აღნიშნული განცხადება პარლამენტის ოპოზიციონერმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ბარამიძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე, პრემიერ-მინისტრის დღევანდელ განცხადებასთან დაკავშირებით გააკეთა.

ბარამიძის თქმით, პრემიერ-მინისტრმა გურჯაანის მაჟორიტარ დეპუტატს, გიორგი ღვიანიაშვილს პროვოკატორი უწოდა, ხოლო შს მინისტრს გურჯაანიდან მისი მოშორება დაავალა. ბარამიძემ პრემიერის განცხადებაზე პარლამენტისგან რეაგირება მოითხოვა.

"გიორგი ღვინიშვილი თავის მაჟორიტარულ რაიონში, თავის ამომრჩეველთან ერთად - იმ ადამიანების გვერდით იყო, ვისაც ყურძნის ჩაბარების ფასთან დაკავშირებით პრობლემები აქვს. პარლამენტის ნებისმიერი წევრის უფლება და ვალდებულებაა, იყოს იმ ადამიანებთან ერთად, რომლებსაც ამხელა გაჭირვება და პრობლემა აქვთ. მთავრობა ამას ეთანხმება თუ არა, ეს სხვა თემაა, მაგრამ გაუგონარია, როდესაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრი შს მინისტრს ასეთ დავალებას აძლევს. დღეს უკვე მოჰყვა რეაგირება, ვიღაც ჭანყოშვილი პოლიციის რიგებს გამოეყო და შეეცადა გიორგი ღვინიაშვილისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა მიეყენებინა. ეს ადამიანი ისევ პოლიციის მეშვეობით იქნა გაპარებული. გთხოვთ, ასეთ გაუგონარ, არასწორ და დანაშაულის შემცველ ქმედებასთან დაკავშირებით რეაგირება მოახდინოთ", - განაცხადა ბარამიძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე.

როგორც ბარამიძის პასუხად პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, ის პრემიერ-მინისტრის განცხადებით დაინტერესდება.