საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, მთავრობამ პარლამენტს სამთავრობო პროგრამის შესრულების ანგარიში რეგლამენტით დადგენილი ვადების დარღვევით წარუდგინა.
მთავრობის მისამართით საყვედური უსუფაშვილმა ბიუროს დღევანდელ სხდომაზე გამოხატა, სადაც აღნიშნული დოკუმენტი განსახილველად საპარლამენტო კომიტეტებს გადაეცა.
"რეგლამენტით, ანგარიშის წარმოდგენა გათვალისწინებულია სესიის პირველი კვირის განმავლობაში. ჩვენი პირველი კვირა 4 სექტემბერს დასრულდა. მთავრობის ანგარიშს ჩვენ 4 სექტემბრამდე ველოდით. შემოვიდა 11 სექტემბერს. ასე რომ, მინდა საქართველოს მთავრობამ გაითვალისწინოს - დავიცვათ ვადები. ეს დარღვევა არის სრულიად ცხადი. ამასობაში, იმ ტიპის დარღვევა არ არის, რომ სანქციებზე ვიმსჯელოთ, მაგრამ კომიტეტებში ანგარიშის განხილვის დროს ამ თემაზეც ყურადღება იქნება გამახვილებული", - განაცხადა უსუფაშვილმა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე.
ბიუროს გადაწყვეტილებით, მთავრობის ანგარიში განსახილველად კომიტეტებს გადაეცა და მათ განხილვისთვის ვადა 15 ოქტომბრამდე მიეცათ.