საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი, დავით ბაქრაძე პრემიერ-მინისტრის განცხადებას გამოეხმაურა და მოუწოდა, პოლიტიკურ ოპონენტებთან ბრძოლას თავი დაანებოს.
როგორც გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ბაქრაძემ განაცხადა, ის პარლამენტის თავმჯდომარისგან პრემიერ მინისტრის განცხადებაზე სათანადო რეაგირებას ითხოვს. ამასთან აღნიშნა, რომ "ნაციონალურ მოძრაობის" სურვილი არ არის, რთველის თემის პოლიტიზირება.
„სრულიად გაოგნებული ვარ, იმ განცხადების არაადეკვატურობის ხარისხით, რომელიც მოვისმინეთ. პრემიერი ნაცვლად იმისა, რომ იზრუნოს გლეხების პრობლემის მოგვარებაზე და იზრუნოს გაჭირვებული ხალხის დახმარებაზე, პოლიციას ავალებს გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატის დაკავებას მხოლოდ იმისთვის, რომ დეპუტატი ასრულებს თავის მოვალეობას და საკუთარი ხალხის გვერდით დგას. მინდა ცალსახად განვაცხადო, რომ გიორგი ღვინიაშვილი, გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატი შეასრულებს თავის მოვალაეობას და იდგება კახელი გლეხების გვერდით, განსხვავებით „ქართული ოცნების“ მინისტრებისგან, განსხვავებით „ქართული ოცნების“ დეპუტეტებისგან და გუბერნატორებისგან, რომლებსაც არჩევის შემდეგ თვეობით არ ჩაუკითხიათ სოფლებში, საკუთარი ამომრჩევლისთვის და საერთოდ არ აღელვებთ ის პრობლემები, რომლებიც ხალხს აქვს საქართველოში. განსხვავაებით მათგან, გიორგი ღვინიაშვილი და თითოეული ჩვენგანი ვიდგებით ხალხის გვერდით ყოველთვის და ყველგან, სადაც იქნება ამის საჭიროება. მე მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ეს არ არის პოლიტიზირებული თემა, მე მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჩვენი სურვილი და მოტივაცია ნამდვილად არ არის მოხდეს რთველის პოლიტიზაცია, მაგრამ ამასთან ერთად, ყველამ უნდა იცოდეს, რომ ჩვენ ხალხის გვერდით ვიდგებით ყველგან, სადაც ხალხს მოატყუებენ და სადაც ხალხს ექნება პრობლემა. გიორგი ღვინიაშვილი განსხვავებით „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისგან ასრულებს საკუთარ მოვალეობას და ცდილობს დაეხმაროს საკუთარი რაიონის მოსახლეობას", - განაცხადა ბაქრაძემ.
მისივე თქმით გლეხები რომლებიც აქციაზე შეიკრიბნენ, არა პროვოკატორები, არამედ მთავრობის მიერ მოტყუებული ადამიანები არიან.
"ასევე, მინდა ვთქვა, რომ ის ადამიანები, რომლებიც იქ შეიკრიბნენ, ეს არ არის 20-30 პროვოკატორი, როგორც მათ უწოდა პრემიერმა, ეს ადამიანები ათასობით კახელი გლეხია, რომელთა უკან დგას ათიათასობით ამ მთავრობის მიერ მოტყუებული ოჯახი. ის ოჯახები, რომლებსაც დაპირდნენ, ყურძნის მინიმალური ფასი ქინებოდა 1 ლარი და დღეს სთავაზობენ 60 თეთრს, ის ოჯახები რომლებსაც დაპირდნენ, რუსულ ბაზარს გახსნიდნენ და პრობლემა არ იქნებოდა. დღეს გლეხი ვერ აბარებს საკუთარ მოსავალს. ის ათიათასობით ოჯახი უფრო მეტ გაჭირვებაში და სიღარიბეში ცხოვრობს, სწორედ ამ მთავრობის არაკომპეტენტური პოლიტიკის შედეგად. ეს არის რელობა, ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც იქ დგანან და მე მიმდა მოვუწოდო მთავრობას, დაანებოს თავი პოლიტიკურ ოპონენტებთან ბრძოლას და თუ რამე შეუძლია მიხედოს მათაგან მოტყუებულ ხალხს და გააკეთოს ყველაფერი, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, კახელმა გლეხმა მიიღოს ის თანხა, რომელსაც ეს ხელისუფლება პირდებოდა მათ - ეს იყო მინიმუმ 1 ლარი", - აღნიშნა საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა.
დავით ბაქრაძე პარლამენტის თავმჯდომარესაც მიმართავს და პრემიერ-მინისტრის დღევანდელ განცხადებაზე დავით უსუფაშვილისგან სათანადო რეგირებას ითხოვს.
"როდესაც პრემიერ-მინისტრი მაჟორიტარ დეპუტატს ემუქრება დაპატიმრებაით იმისთვის, რომ მონაწილოეობს ხალხის მიერ ორგანიზებულ აქციაში, ამ განცხადევბაზე მე ველოდები პარლამენრტის თავმჯდომარის რეაქციას და იმედი მაქვს, რომ პარლამენტის მხრიდან სათანადო შეფასება მოჰყვება ამ ფაქტს",- განაცხადა ბაქრაძემ.