ავთანდილ მიქაძე: ქონების დაბრუნების იმედი ნაკლებად მქონდა, დღეს ვარ ძალიან მოხარული ამასთან დაკავშირებთ

ავთანდილ მიქაძე: ქონების დაბრუნების იმედი ნაკლებად მქონდა, დღეს ვარ ძალიან მოხარული ამასთან დაკავშირებთ

წინა ხელისუფლების დროს დაზარალებული მოქალაქე ავთანდილ მიქაძე ჩამორთმეული ქონების დაბრუნებასთან დაკავშირებით, მთავარი პროკურატურის გადაწყვეტილებით კმაყოფილია.

„ქონების დაბრუნების იმედი ძალიან ნაკლებად მქონდა. დღეს ვარ ძალიან მოხარული ამასთან დაკავშირებთ. მე 2011 წელში დავზარალდი წინა მთავრობის მხრიდან. მოხდა ჩემი დაკავება. შემდგომ პროკურატურას მივმართე 2013 წელს განცხადებით, რის შემდეგაც დაკმაყოფილდა ჩემი მოთხოვნა. გამოძიება ჩატარდა და როგორც დაზარალებულს, ჩემი კუთვნილი ავტომობილი გადმომცეს, რომელიც რამდენიმე წელი მქონდა ჩამორთმეული“, - აცხადებს იგი. 

მიქაძეს დაბრუნებული ქონება ჯერ უშუალოდ არ მიუღია. პროცედურების თანახმად, პროკურატურა ჯერ ეკონომიკის სამინისტროს მიმართავს წერილით და შემდგომ, სიმბოლურ ფასად სახელმწიფოს ბალანსზე რიცხული ავტომობილი მის კანონიერ მფლობელს გადაეცემა. მიქაძე ვარაუდობს, რომ პროცედურები მიმდინარე კვირაში დასრულდება.

მთავარი პროკურატურის ინფოემაციით, ა/მანქანის იძულებით ჩამორთმევაში გამოძიების მიერ, მხილებულია შსს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს ყოფილი ხელმძღვანელი თანამდებობის პირი, რომელმაც 2011 წლის ოქტომბერში, ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის შეძენა-შენახვისთვის ბრალდებულ ავთანდილ მიქაძეს, საპროცესო შეთანხმების გაფორმების სანაცვლოდ, უკანონოდ დაათმობინა მისი კუთვნილი 12 000 აშშ დოლარის ღირებულის 2004 წელს გამოშვებული „BMW 520“ მარკის ავტომანქანა.

ცნობისთვის, მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის მიერ გახსნილია 2012 წლამდე პერიოდში მომხდარი, მოქალაქებისთვის ქონების იძულებით ჩამორთმევის 4 ფაქტი. ახალი დეპარტამენტის მიერ გახსნილი ოთხივე დანაშაულებრივი ფაქტის შედეგად აღდგენილი იქნება 4 დაზარალებულის დარღვეული უფლება. ოთხივე დაზარალებულს, პროკურატურის მიერ მიღებული შემაჯამებელი გადაწყვეტილების საფუძველზე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ დაუბრუნდებათ ამჟამად სახელმწიფო ბალანსზე რიცხული უკანონოდ ჩარმორთმეული 4 ა/მანქანა, 1 უძრავი ქონება - მიწის ნაკვეთი და 35 000 ლარამდე ღირებულების ოქროს 48 ნაკეთობა. დანაშაულში მხილებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს 4 ყოფილი თანამდებობის პირი.