"პრემიერი არ არის ვალდებული პარლამენტის წინაშე წარსდგეს"

მთავრობის საპარლამენტო მდივნის შალვა თადუმაძის განცხადებით, არ არსებობს ნორმატიული ბაზა, რომელიც პრემიერს ავალდებულებს საშემოდგომო სესიაზე ანგარიში პირადად წარადგინოს.

როგორც თადუმაძემ მთავრობის სხდომის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, პარლამენტში პრემიერის და მთავრობის დაბარების სხვა პროცედურები არსებობს.

"არც კონსტიტუციით და არც რეგლამენტით არ არსებობს ნორმატიული ბაზა, რომელიც პრემიერს ავალდებულებს პარლამენტში საშემოდგომო სესიაზე ანგარიში პირადად წარადგინოს და კითხვებზე პასუხი გასცეს. პარლამენტში პრემიერის და მთავრობის დაბარების სხვა პროცედურები არსებობს. შესაბამისად, ამ პროცედურების გარეშე პრემიერი არ არის ვალდებული პარლამენტის წინაშე წარსდგეს. 205-ე მუხლში წერია, რომ საშემოდგომო პირველ სასესიო კვირაში პრემიერ-მინსიტრი ანგარიშს წარადგენს. 5 წელი და მანამდეც ეს წერილობით ხდებოდა", - განაცხადა მთავრობის საპარლამენტო მდივანმა.

შალვა თადუმაძის თქმით, სადაც წერია, რომ პრემიერი წარსდგება პარლამენტის წინაშე, იქ წარსდგება, ხოლო სადაც წერია, რომ გადააგზავნის - იქ გადააგზავნის ანგარიშს. მისივე თქმით, ის არც თავად წარადგენს ანგარიშს პარლამენტის წინაშე.