სოფლის მეურნეობის დარგის მიმართ არასდროს ყოფილა არა თუ ასეთი, ამის ნახევარი ინტერესიც კი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა , ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
პრემიერმა სოფლის მეურნეობის დარგში გასული 3 წლის განმავლობაში განხორციელებულ საქმიანობაზე ისაუბრა და განმარტა, რომ ახალი ხელისუფლების პირობებში აღნიშნულ სექტორში 1 მილიარდი ლარის ინვესტიცია განხორციელდა.
"არასდროს ყოფილა არა თუ ასეთი, ამის ნახევარი ინტერესიც კი წინა მთავრობის დროს. რომელი მთავრობა ახსოვს რომელიმე ადამიანს ჩვენს ქვეყანაში, რომელმაც დაპირებული 1 მილიარდი ლარის ინვესტიცია განახორციელა? - დღემდე ჩვენ გვაქვს 1 მილიარდ ლარამდე ჩადებული სოფლის მეურნეობის დარგში, რა თქმა უნდა, კერძო სექტორის დახმარებით. ასეთი ინტერესი ამ დარგის მიმართ არც ერთი ხელისუფლების დროს არ ყოფილა. უკვე მესამე წელია, ჩვენ წარმატებით ვახორციელებთ უფასო ხვნა-თესვის პროგრამას. მოგეხსენებათ, ასევე მესამე წელია "იაფი აგროსესხების" პროგრამაც წარმატებით გრძელდება. ჩვენ დავიწყეთ პროგრამა "აწარმოე საქართველოში", - აღნიშნა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურმა რთველზეც ისაუბრა და ყურძნის ფასთან დაკავშირებით გლეხების ნაწილის უკმაყოფილება მათვის არასათანადო ინფორმაციის მიწოდებას დაუკავშირა.
"საჭიროა მეტი ინფორმაციის მიწოდება მოსახლეობისთვის. ბატონო ოთარ (დანელია) და კოლეგებო, მინდა მაქსიმალურად გამჭვირვალედ წარმართოთ ეს პროცესი, რათა არავის გაუჩნდეს განცდა, რომ სახელმწიფომ მცდელობა დააკლო ან სუბსიდირების თანხა შევამცირეთ. არამც და არამც - რაც იყო ბოლო სამი წლის განმავლობაში, ჩვენ წელსაც იგივე თანხა დავტოვეთ და ამაზე ვარ პასუხისმგებელი. ეს გვიჯდება დაახლოებით 60 მილიონ ლარამდე", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.