პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველო იქნება პირველი ქვეყანა მთელს რეგიონში, რომელიც თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას გააფორმებს ჩინეთთან.
ირაკლი ღარიბაშვილი ჩინეთში ვიზიტს წარმატებულს და ნაყოფიერს უწოდებს და აცხადებს, რომ ჩინეთში, ხელისუფლების მხრიდან, საქართველოს მიმართ ინტერესი ძალიან მაღალია.
"ეს იყო წარმატებული ვიზიტი. მე მქონდა ძალიან ნაყოფიერი საუბარი ჩინეთის პრემიერ-მინისტრთან. ასეთი დონის ვიზიტი პირველად შედგა ჩინეთში. ჩვენ ძალიან კონკრეტული საკითხები განვიხილეთ. ვისაუბრეთ სხვადასხვა ინვესტიციებზე. ინტერესი ჩინეთის ხელისულების მხრიდან ჩვენი ქვეყნის მიმართ არის ცალსახად მაღალი. საქართველოს ჩინეთის ხელისუფლება განიხილავს, როგორც ერთ სანდო პარტნიორს და დასაყრდენს კავკასიაში. ყველაზე მთავარი მესიჯი, რაც მე ჩამოვიტანე და მინდა საზოგადოებას ვუთხრა, არის ის, რომ ჩინეთის ხელისუფლებისგან მოვისმინეთ დასტური იმის თაობაზე, რომ ჩინეთს სურს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმება საქართველოსთან და საქართველო იქნება პირველი ქვეყანა რეგიონში, რომელსაც ექნება ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება. ასე რომ, მთავრობამ ამ მოკლე პერიოდში ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ახალი ბაზრები გაეხსნა ჩვენი მეწარმეებისთვის. ახლა ჩვენმა ბიზნესმენებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ, რომ ეს ყველაფერი გამოიყენონ", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
ამასთან, როგორც პრემიერმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ჩინური კომპანიები დაინტერესებულნი არიან ანაკლიის პორტით და მშენებლობაში მონაწილეობას, სავარაუდოდ, ჩინური კომპანიები მიიღებენ.