თუ დასავლეთის ქვეყნები საქართველოს იგნორირებას გააგრძელებენ, საქართველოს ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანების პროექტი შესაძლოა, ჩაიშალოს , - ამ მოსაზრებას პოლონურ გამოცემა ონეტ-პლ-სთან საუბარში პოლონეთის საერთაშორისო საქმეთა ინსტიტუტის წარმომადგენელმა, კონრად ზაშოვტი გამოთქვამს.
"პროდასავლურად განწყობილი ქართული ელიტა ქვეყნის რუსეთის კონტროლის ქვეშ მოქცევას არ დაუშვებს, თუმცა, თუ დასავლური სახელმწიფოები საქართველოს იგნორირებას გააგრძელებენ, ევროკავშირსა და ნატო-სთან ინტეგრაციის პროცესი შესაძლოა, ჩაიშალოს. საქართველო ევროკავშირის, ნატო-სა და რუსეთს შორის სტრატეგიულ ვაკუუმში აღმოჩნდება და 90-იანი წლების შიდაპოლიტიკურ დესტაბილიზაციას დაუბრუნდება", - აცხადებს ზაშოვტი.
ექსპერტის მოსაზრებით, უახლოეს მომავალში ნატო საქართველოსთვის სამხედრო დახმარებას არ გაზრდის, თუმცა, მნიშვნელოვანია ისიც, რომ საქართველოში ალიანსის საწვრთნელი ცენტრი გაიხსნა.
როგორც ზაშოვტი განმარტავს, საქართველოს ევროკავშირსა და ნატო-ში ბევრი მეგობარი არ ჰყავს, თუმცა, მისი ერთ_ერთი მოკავშირე პოლონეთია.
"ჩვენი რეგიონის სხვა სახელმწიფოები, მათ შორის სლოვაკეთი, ჩეხეთი და უნგრეთი, კავკასიაში ევროკავშირისა და ნატო-ს აქტიურობას სკეპტიკურად უყურებენ", - განმარტავს ექსპერტი.
მისი მოსაზრებით, უახლოეს მომავალში საქართველო-რუსეთს შორის ახალი კონფლიქტის დაწყება მოსალოდნელი არ არის, თუმცა მოსკოვი დესტაბილიზაციას მომავალშიც შეეცდება და შესაძლოა, სამცხე-ჯავახეთსა და პანკისის ხეობაში "სეპარატისტული ჯგუფების" დახმარება დაიწყოს.