საქართველომ რევოლუციებზე უარი თქვა და უკვე დიდი ხანია, განვითარების ევოლუციის გზით მივდივართ, - აღნიშნული განცხადება იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა პარლამენტში, ღია მმართველობის პარტნიორობის საკანონმდებლო ღიაობის სამუშაო ჯგუფის (OGP LOWG) საერთაშორისო კონფერენციაზე გააკეთა.
მინისტრის თქმით, ღია მმართველობის პარტნიორობა ევოლუციის პროცესში ერთ-ერთ მნიშვნელოვან როლს თამაშობს.
"ძალიან სიმბოლურია და მიხარია ძალიან, რომ ეს შეხვედრა სწორედ ამ ისტორიულ შენობაში ტარდება. ეს ის შენობაა, სადაც ძალიან ბევრი ისტორიული, პოლიტიკური მოვლენა მომხდარა. ეს ის შენობაა, რომელმაც ნახა საქართველოს დამოუკიდებლობა, ეს ის შენობაა, რომელმაც ნახა რევოლუციები, მაგრამ საქართველომ უარი თქვა რევოლუციებზე და ჩვენ უკვე დიდი ხანია მივდივართ განვითარების, ევოლუციის გზით. როგორც ღია მმართველობის პარტნიორობის მმართველი კომიტეტის წევრმა, მინდა გითხრათ, რომ ღია მმართველობის პარტნიორობა ევოლუციის პროცესში ერთ-ერთ მნიშვნელოვან როლს თამაშობს ამ ქვეყანაში. პირველ რიგში მინდა ჩვენს დეპუტატებს, საქართველოს პარლამენტს მივულოცო ის, რომ სწორედ აქ, თბილისში ხდება საკანონმდებლო ღიაობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა. ეს საშუალებს გვაძლევს, რომ უამრავი ქვეყნის წარმომადგენელი საქართველოში ჩამოვიდეს და საკუთარი თვალით ნახოს, რომ ჩვენ არა მხოლოდ გადაწყვეტილებებს ვიღებთ, არამედ გადაწყვეტილებებს ვიღებთ ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად", - განაცხადა თეა წულუკიანმა.
მინისტრმა ვრცლად ისაუბრა ნაბიჯებზე, რომელიც საქართველომ ღია მმართველობის პარტნიორობის ფარგლებში გადადგა და როგორც აღნიშნა, იმის მიუხედავად, რომ საქართველო მას 2011 წლიდან შეუერთდა, ქვეყანა უკვე ღია მმართველობის პარტნიორობის ინიციატივის მმართველი კომიტეტის წევრია.
თეა წულუკიანის თქმით, საქართველო ახლა რიგით მეორე სამოქმედო გეგმით მუშაობს და მიმდინარეობს მუშაობა რიგით მესამე სამუშაო გეგმაზე.
საქართველოს პარლამენტი ღია მმართველობის პარტნიორობის საკანონმდებლო ღიაობის სამუშაო ჯგუფის (OGP LOWG) საერთაშორისო კონფერენციას – "ღიაობის ვალდებულება: პარლამენტის სამოქმედო გეგმები, სტანდარტები და მეთოდები" მასპინძლობს. კონფერენციაზე განიხილება სამუშაო ჯგუფის მიერ საკანონმდებლო ღიაობის თვალსაზრისით მიღწეული პროგრესი, მათ შორის "ღია პარლამენტის" სამოქმედო გეგმების შემუშავებისა და ღია საპარლამენტო მონაცემების საერთაშორისო ნორმებისა და სტანდარტების დანერგვის ასპექტები.
საერთაშორისო კონფერენციაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე, სამოქალაქო საზოგადოების ლიდერები, მათ შორის, საქართველოს, ალბანეთის, სომხეთის, ხორვატიის, ბრაზილიის, ლატვიის, ლიტვის, იორდანიის, მალტის, მონტენეგროს, სერბეთისა და უკრაინის მაღალი რანგის საპარლამენტო დელეგაციები მონაწილეობენ.