გლობალიზაციის, ინტერნეტის, სხვა ტექნოლოგიური რევოლუციების საუკუნეში წარმომადგენლობითი დემოკრატიის ტრადიციული ფორმები საკმარისი აღარ არის, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომელმაც დღეს პარლამენტში, ღია მმართველობის პარტნიორობის საკანონმდებლო ღიაობის სამუშაო ჯგუფის (OGP LOWG) საერთაშორისო კონფერენცია გახსნა.
დავით უსუფაშვილის განცხადებით, ყველა ვინც დემოკრატიული ღირებულებების ერთგულია, ძალიან კარგად აცნობიერებს, რომ 21-ე საუკუნეში აუცილებელია დემოკრატიის ფუნდამენტური პრინციპების მიმართ ინოვაციური მიდგომები.
"სრულიად აშკარაა, რომ 21-ე საუკუნეში გლობალიზაციის, ინტერნეტის, სხვა ტექნოლოგიური რევოლუციების საუკენეში წარმომადგენლობითი დემოკრატიის ტრადიციული ფორმები საკმარისი აღარ არის. აღარ არის საკმარისი ის, რომ ჩვენ 4-5 წელიწადში ერთხელ მოსახლეობასთან გავიდეთ და არჩევნები ჩავატაროთ – მივიღოთ მოსახლეობის მანდატი და მერე ვმართოთ ქვეყანა. აუცილებელია მოვახდინოთ რევოლუციური გარდაქმნები მოსახლეობასა და საკანონმდებლო ორგანოში მათ წარმომადგენლებს შორის ურთიერთობაში. ეს ურთიერთობა უნდა იყოს ყოველდღიური, ორმხრივი და სათანამშრომლო. ამას სერიოზული ძალისხმევა სჭირდება. სწორედ ამიტომ ღია მმართველობის პარტნიორების ინიციატივაში ძალიან მალე საკანონმდებლო ღიაობის სამუშაო ჯგუფი შეიქმნა, რომელსაც ჩილეს კონგრესის და "ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის" წარმომადგენლები ხელმძღვანელობენ. საქართველო ამ პროცესის ამაყი მონაწილეა, არის ღია მმართველობის პარტნიორების მმართველი კომიტეტის წევრი", - განაცხადა უსუფაშვილმა კონფერენციაზე.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ღია მმართველობის მიმართულებით საქართველოს მხრიდან გადადგმული პირველი ნაბიჯები და პარლამენტის მიერ ინფორმაციის თავისუფლების შესახებ კანონის მიღება გაიხსენა.
"მახსენდება დღეები, როცა ამ თვალსაზრისით საქართველოში რევოლუციური გარდაქმები დაიწყო – ეს იყო საუკუნეების მიჯნაზე - 2000 წელს, როდესაც ჩვენ ამ დარბაზში მივიღეთ კანონი ინფორმაციის თავისუფლების შესახებ. ამ კანონის საფუძველზე საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლება ვალდებული გახდა გამხდარიყო სრულიად ღია და გამჭირვალე მოქალაქეთა მიმართ. მახსოვს დრო, როცა სახელმწიფო მოხელეები ძალიან უკმაყოფილონი იყვნენ იმით, რომ მათ დაკარგეს ექსკლუზივი სახელისუფლებო ინფორმაციაზე. მას შემდეგ ჩვენ გრძელი გზა გავიარეთ და დღეს, უკვე, როდესაც ვუყურებ, მაგალითად საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცებულ სამუშაო გეგმას საკანონმდებლო ღიაობის ახალი სტანდარტების მისაღწევად, რომელზეც იქნება კონფერენციის მსვლელობის დროს სერიოზული საუბარი, სიამაყით ვივსები, რადგან ჩვენ აქ ვსაუბრობთ ძალიან ბევრი დეტალის დახვეწაზე. აღარ ვსაუბრობთ იმაზე, უნდა იყოს ხელმისაწვდომი თუ არა ეს დარბაზი მოქალაქეებისთვის, უნდა იყოს თუ არა შესაძლებლობა იმისა, რომ ყოველი კანონპროექტის განხილვის დროს, თითოეულ მოქალაქეს შეეძლოს თავისი მოსაზრების გამოთქმის შესაძლებლობა, თავისი კომენტარის გაკეთების საშუალება. ჩვენ აღარ ვსაუბრობთ იმაზე, უნდა იყოს თუ არა ანგარიშვალდებული ყოველწუთიერად და ყოველდღიურად ხელისუფლების წარმომადგენელი მოქალაქეებთან. ჩვენ ვსაუბრობთ ამ პროცესის და ამ ინსტიტუტების დახვეწაზე. ძალიან მნიშვნელოვანია განვლილი გზა, მაგრამ კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ დავეუფლოთ ახალ ტექნოლოგიებს, ინოვაციურ მიდგომებს და ამ კონფერენციიდან ჩვენ სწორედ ამას ველით", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
უსუფაშვილმა აქვე აღნიშნა ისიც, რომ ღია მმართველობის პარტნიორობის ინიციატივაში საქართველოს პარლამენტის მთავარი პარტნიორი სამოქალაქო საზოგადოებაა.
"ჩვენ, პარლამენტარები, მთავრობის წარმომადგენლები არ ვიკრიბებით ცალკე და არ ვმსჯელობთ იმაზე, როგორ მოვახერხოთ პროცესში სამოქალაქო საზოგადოების აქტიური ჩართულობა. ჩვენ უარი ვთქვით ამ მიდგომაზე და სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად ვმსჯელობთ ყველა ამ საკითხზე. საქართველოს შემთხვევაში ეს ძალიან წარმატებული პრაქტიკაა. სამოქმედო გეგმა დიდწილად შემუშავებულია ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების და სამოქალაქო აქტივისტების იდეებზე, მათი შეხედულებების და მათი რეკომენდაციების საფუძველზე", - აღნიშნა უსუფაშვილმა.
საქართველოს პარლამენტი ღია მმართველობის პარტნიორობის საკანონმდებლო ღიაობის სამუშაო ჯგუფის (OGP LOWG) საერთაშორისო კონფერენციას – "ღიაობის ვალდებულება: პარლამენტის სამოქმედო გეგმები, სტანდარტები და მეთოდები" მასპინძლობს. კონფერენციაზე განიხილება სამუშაო ჯგუფის მიერ საკანონმდებლო ღიაობის თვალსაზრისით მიღწეული პროგრესი, მათ შორის "ღია პარლამენტის" სამოქმედო გეგმების შემუშავებისა და ღია საპარლამენტო მონაცემების საერთაშორისო ნორმებისა და სტანდარტების დანერგვის ასპექტები.
საერთაშორისო კონფერენციაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე, სამოქალაქო საზოგადოების ლიდერები, მათ შორის, საქართველოს, ალბანეთის, სომხეთის, ხორვატიის, ბრაზილიის, ლატვიის, ლიტვის, იორდანიის, მალტის, მონტენეგროს, სერბეთისა და უკრაინის მაღალი რანგის საპარლამენტო დელეგაციები მონაწილეობენ.