ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერასთან დაკავშირებით, რუსეთისთვის თანხმობა არ გვიკითხავს, მაგრამ დაგვიდასტურეს , რომ რუსეთი საქართველოს ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერას წინააღმდეგობას არ გაუწევდა, - ამის შესახებ გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ზურაბ აბაშიძემ განაცხადა.
მისი თქმით, რომ არა დიალოგი რუსეთთან, ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებას ვერ გავაფორმებდით.
"წინა ხელისუფლების პირობებში ამ წარმატებას ვერ მივაღწევდით", - განაცხადა აბაშიძემ.
ჟურნალისტის კითხვაზე, ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერა იყო თუ არა რუსეთთან შეთანხმებული, აბაშიძემ განაცხადა, რომ "თანხმობა არ გვიკითხავს, მაგრამ დაგვიდასტურეს, რომ რუსეთი საქართველოს ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერას წინააღმდეგობას არ გაუწევდა", - აღნიშნა აბაშიძემ.
ამასთან, საქართველოს პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის თქმით, დაპირება, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის პრობლემა მალე მოგვარდება, ამის პირობა არავისთვის მიგვიცია.
"პირიქით, ყოველთვის ვამბობდი, ამ პრობლემების მოგვარებას მალე არ უნდა ველოდოთ-მეთქი. მით უმეტეს, რომ ჩემი ფუნქცია კონფლიქტის რეგიონების განხილვა არ არის. პრაღაში მხოლოდ სატრანსპორტო, სავაჭრო და ჰუნამინატარულ საკითხებზე ვსაუბრობთ. რომ არა დიალოგი, ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებასაც ვერ გავაფორმებდით. წინა ხელისუფლების პირობებში ამ წარმატებას ვერ მივაღწევდით", - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.