ეგვიპტეში უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა ისლამისტი მებრძოლების წინააღმდეგ სპეცოპერაციისას, შეცდომით 12 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს. მათ შორის არიან მექსიკელი ტურისტებიც. ამის შესახებ "ბიბისი" ადგილობრივ ძალოვან სტრუქტურებზე დაყრდნობით იტყობინება.
გავრცელებული ცნობით, ტურისტები ოთხი ავტომობილით დასავლეთით მდებარე უდაბნოში, ლიბიის საზღვართან ახლოს შეზღუდულ ზონაში შევიდნენ, რის გამოც მათ ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა ცეცხლი გაუხსნეს, შედეგად არიან დაშავებულებიც. დაახლოებით ათი მექსიკელი და ეგვიპტელი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ეგვიტპის შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდარის შესახებ დაწყებულია გამოძიება. შემთხვევას გამოეხმაურა მექსიკის პრეზიდენტიც. ენრიკე პენა ნიეტოს თქმით, ის გმობს მომხდარს და ეგვიპტის მთავრობას დაუყოვნებლივი გამოძიებისკენ მოუწოდებს.