განათლებული თაობის გარეშე ყოველგარი წინსვლა და განვითარება შეუძლებელია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა სოფელ წილკანში , საჯარო სკოლაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
პრემიერმა ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა მოსწავლეებს, მშობლებს, მასწავლებლებს და წილკანის სკოლის დირექტორს. ირაკლი ღარიბაშვილმა სკოლის დირექტორს გამოცდილი პედაგოგი უწოდა, რომელიც 30 წელია ჩვენს ქვეყანას თაობებს უზრდის.
"ეს არის ახალი სკოლა, რომელიც ჩვენმა მთავრობამ ააშენა, მშენებლობა გასული წლის დეკემბერში დავასრულეთ. აქ გახლავთ ყველა პირობა იმისათვის, რომ ჩვენ აღვზარდოთ ჩვენი ბავშვები და მათ მივცეთ სათანადო განათლება. ამისთვის ჩვენი მთავრობა აკეთებს და გააკეთებს ყველაფერს, რომ თქვენ გქონდეთ ყველა პირობა იმისათვის, რომ აქ ბავშვებს ჰქონდეთ კომფორტული გარემო, იყვნენ გალაღებულები. მე ვიცი, სოფელ წილკანში ამ სკოლის აშენებამდე აქ იყო საკმაოდ ძველი შენობა, სადაც ბავშვებს სამ ცვლაში სწავლა უწევდათ. ეს დრო საქართველოში აღარ დაბრუნდება. ჩვენი მომავალი თაობა უნდა გაიზარდოს ასეთ განათებულ, ასეთ თანამედროვე სკოლებში. თუ გვაქვს პრეტენზია, რომ გვსურს ძლიერი სახელმწიფო ავაშენოთ, მაშინ ჩვენ პირველ რიგში უნდა ვიზრუნოთ ჩვენს განათლებაზე, ვინაიდან, განათლებული თაობის გარეშე ყოველგარი წინსვლა და განვითარება შეუძლებელია. ჩვენ ვერც ეკონომიკას ვერ განვავითარებთ, ვერც სოფლის მეურნეობას, ვერც მეცნიერებას, ვერც ახალ ტექნოლოგიებს ვერ დავნერგავთ, თუ არ გვეყოლება შესაბამისი განათლებული თაობა. ამიტომ მინდა კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა, რომ ჩვენთვის მართლაც პრიორიტეტულია სათანადო განათლების მიცემა ჩვენი ბავშვებისთვის, ჩვენი მომავალი თაობებისთვის. ამისთვის მე პირადად, როგორც მთავრობის მეთაური, მთავრობა, მინისტრი ყველაფერს ვაკეთებთ", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისივე ინფორმაციით, სამი წლის განმავლობაში ათასამდე სკოლა გარემონტდა, 20 ახალი სკოლა დასრულდება წლის ბოლოს. მესამე წელია ბავშვები უფასოდ იღებენ სახელმძღვანელოებს, კომპიუტერებს, 60 000 ბავშვისთვის ტრასპორტი უფასოა. ირაკლი ღარიბაშვილის ცნობით, მშობლებს ამ ღონისძიებების შედეგად, რამდენიმე ათეული მილიონი ლარის ეკონომია გაუკეთდა, ამიტომ პრემიერის განცხადებით, ამ მიმართულებით მუშაობა გაგრძელდება.