ბათუმში მდებარე 24-ე ბაღთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. როგორც "ინტეპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, იმ ბავშვების მშობლები, რომლებმაც შვილები ბაღში უადგილობის გამო ვერ დაარეგისტრირეს, ბაღის შესასვლელთან დგანან. მშობლები ბაღის გამგეს, მასწავლებლებსა და დარეგისტრირებულ ბავშვებს შენობაში არ უშვებენ.
როგორც ერთ-ერთი ბავშვის მშობელმა, ქრისტინა მახარაძემ განაცხადა, მეორე წელია, ცდილობს, ბავშვის ბაღში შეყვანას, თუმცა ვერ ახერხებს იმის გამო, რომ ბაღი სხვა უბნებში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ბავშვებისგან კომპლექტდება.
მისივე თქმით, ბაღში, წინა წლებთან შედარებით, ბავშვების რაოდენობა შეიზღუდა და ასევე, სასკოლო ასაკის ბავშვები, რომლებსაც 14 სექტემბრამდე 6 წელი არ შესრულებიათ, ისევ ბაღში რჩებიან. მშობლები იმასაც აცხადებენ, რომ ელექტრონულად მათ ბავშვების რეგისტრაცია შეძლეს, თუმცა გაურკვეველი მიზეზების გამო რეზერვში აღმოჩნდნენ.
ადგილზე მყოფი ბაღის გამგე თამილა გორგოშაძე მშობლებს საკითხის გარკვევისთვის ბათუმის ბაღების გაერთიანებაში მისვლისკენ მოუწოდებს.
ბაღის შესასვლელთან უკვე შეიკრიბნენ ბავშვები, რომლებიც ბაღში დარეგისტრირებული არიან და სასწავლო პროცესის დაწყებას ელოდებიან.
ადგილზე იმყოფებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებიც.