რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ნოდარ ჯავახიშვილის განმარტებით, სახელმწიფოს, მოქალაქეებისგან მიწის გამოსყიდვის შემთხვევაში, პრობლემები ექმნება.
ამის შესახებ მინისტრმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს განუცხადა და კონკრეტულ შემთხვევებზე ისუბრა. მან მაგალითად დაბა სტეფანწმინდასთან მდებარე გერგეთის სამებამდე მისასვლელი გზა მოიყვანა.
„ახლა გადაწყვეტილი გვქონდა, რომ გერგეთის სამებამდე გაგვეყვანა გზა იმიტომ, რომ ძალიან დიდი ინტერესია საზოგადოებისა და არა მარტო საქართველოს მოქალაქეებისა. დადგა საკითხი, რომ 34 ლარი გადაგვიხადეთ, ბატონო, კვადრატულ მეტრ მიწაშიო. ეს არ უღირს საქართველოს მოქალაქეებს, ეს არ უღირს საქართველოს ბიუჯეტს. მიიყვანენ საქმეს იქამდე, რომ იმ გზას არ გავაკეთებთ საერთოდ. ნიშნს კი არ მოვუგებ არავის ამით, მაგრამ იცოდეთ, რომ სახელმწიფოს, საზოგადოებას, ქვეყანას, ყველაფერი უღირს რაღაც ფასად. მე თუ გერგეთის სამებამდე მისასვლელი გზა მილიონები დამიჯდა, გარდა იმისა, რომ გზა უნდა გაკეთდეს თავისთავად, მაშინ მოვიცდით ცოტა ხანი მანამდე, ვიდრე ადამიანების აზრი მივა იქამდე, რომ არ შეიძლება მთელი საქართველოს მოსახლეობის ხარჯზე უცებ მოინდომო გამდიდრება“, - განაცხადა ჯავახიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 22 აპრილს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გუდაურში ბიზნესმენებთან გამართულ შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას მცხეთა-მთიანეთის რეგიონში არსებულ ტურირტულ პოტენციალზე გაამახვილა ყურადღება.
„სტეფანწმინდაში ვაპირებთ გზების და სხვადასხვა ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას, სხვადასხვა ტურისტული მარშრუტების და საგზაო უსაფრთხოების მოწესრიგებას. გარგეთის სოფლამდე და ტაძრამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია იგეგმება, ასევე, მყინვარწვერის მარშრუტზე ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და ყაზბეგის მუნიციპალიტეტის წყლის სისტემის რეაბილიტაცია. ზოგაგად ვსაუბრობ იმ პროექტებზე, რომელიც წელს არის დაგეგმილი და რომელიც უკვე პროცესშია. ამ რეგიონში საინვესტიციო პროექტების საერთო ჯამური ღირებულება 60-65 მილიონ ლარს შეადგენს“, - აღნიშნა პრემიერმა.