რთველი 2015-ის ფარგლებში ყურძნის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, რეგიონების პარალელურად, სპეციალური სარეალიზაციო პუნქტები თბილისშიც მოეწყობა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, თბილისის მერიის მხარდაჭერით, ქალაქის მასშტაბით ყურძნის სარეალიზაციოდ 15 ადგილი განისაზღვრა. ამ ეტაპისთვის გამოყოფილია 6 ძირითადი ტერიტორია, ხოლო საჭიროებიდან გამომდინარე 9 სარეალიზაციო პუნქტი დაემატება.
თბილისსა და რეგიონებში სპეციალურად მოწყობილ ადგილებში მევენახეები ყურძნის რეალიზებას გადასახადის გარეშე შეძლებენ. პირველ ეტაპზე, თბილისის მასშტაბით ყურძნის სარეალიზაციო ადგილები მოწყობილია შემდეგ მისამართებზე: ხეთაგუროვის ქუჩა (წმინდა ნიკოლოზის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორია), კონსტიტუციის ქუჩა, ნორიოს აღმართი (კუკია), პეტრე იბერის ქუჩა (დიდი დიღომი), პაიჭაძის ქუჩა (დიღმის მასივი) და რესპუბლიკის მოედანი; საჭიროების შემთხვევაში, სპეციალური ადგილები დამაემატება შემდეგ მისამართებზე: დაბა წყნეთი, 9 ძმის ქუჩა (კუკია), სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია, გობრონიძის ქუჩა (მუხიანი),, ლიბანის ქუჩა (ავჭალა), პეტრიწის ქუჩა (დიდი დიღომი), ჩოლოყაშვილის ქუჩა, ვაზისუბანი (თ.დავითაიას ქუჩის მიმდებარე ტერიტორია), ერთიანობისთვის მებრძოლთა ქუჩა (ვარკეთილი).
ყურძნის სარეალიზაციოდ სპეციალური ადგილები მოწყობილია საქართველოს ყველა რეგიონში. თვითმმართველ ქალაქებში არსებულ აგრარულ ბაზრებში რქაწითელის ჯიშის ყურძნის სარეალიზაციო ფასი 1.00 ლარიდან - 2.50 ლარამდე მერყეობს.