გიორგი არეშიძემ შაორის ბანაკის ორგანიზებასთან დაკავშირებულ კითხვებზე მედიას ამომწურავი პასუხი გასცა

გიორგი არეშიძემ შაორის ბანაკის ორგანიზებასთან დაკავშირებულ კითხვებზე მედიას ამომწურავი პასუხი გასცა

„ეს არის აბსოლუტურად  უსაფუძვლო ბრალდება“ - ასეთია თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსის გიორგი არეშიძის პასუხი შაორის ბანაკის ორგანიზებაზე გაწეულ ხარჯებთან დაკავშირებით მისი მისამართით გაჟღერებულ ბრალდებებზე.

გიორგი არეშიძის განმარტებით, შაორის ბანაკის ორგანიზებაში მაქსიმალურად შემჭიდროვებული თანხები დაიხარჯა. არეშიძემ აღნიშნული ბანაკის ორგანიზებაზე გაწეული ხარჯთაღიცხვის შესახებ დაწვრილებით ისაუბრა და მედიის წარმომადგენლებისთვის ყველა დეტალი გასაგებად განმარტა.

„ეს მომსახურეობა დაგვიჯდა 30 ათასი ლარი. ასევე აღვნიშნავ, რომ ეს თანხები არის დარიცხული და არა ხელზე ასაღები. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „ქალაქ თბილისის სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრი“ - ეს არის ააიპ, რომელსაც ჩვენ აღნიშნული მომსახურება დავუკვეთეთ შესაბამის ფასთა გამოკითხვის მიხედვით. შემდგომში იყო 300 მედალი და 18 თასი, სპორტიულ ღონისძიებებში გამარჯვებულების დაჯილდოების გრაფიკების გაკეთება, ეს იყო მათი პასუხისმგებლობის საკითხი, რადგან ლიდერებს არ გვქონდა შესაბამისი დრო და რესურსი, რომ დამატებით გამოგვეყო. ამით ჩვენ მოვიგეთ დროც, ენერგიაც და ფინანსებიც. მედლები და ფასები - ეს ჯამში იყო 4440 ლარი. ფოტო-ვიდეო გადაღება, 5 წუთიანი სარეკლამო რგოლი, ორწუთიანი პრომო და ფოტოების დამუშავება - ჯამში 5 ათასზე მეტი ფოტო იყო, ეს ჩვენ 11 875 ათასი ლარი დაგვიჯდა. ასევე მუსიკალური გაფორმება - დიჯეი 20-დან 30 აგვისტომდე გვყავდა, ეს მომსახურეობა დაგვიჯდა 2 700 ლარი. იყო 2 ათასი ბუშტი, რაც 200 ლარი დაჯდა. გახმოვანების აპარატურა კონცერტის, 20-28 აგვისტო - 12 000 ლარი, ანუ ერთი ღონისძიება 6 ათასი ლარი დაჯდა.   სცენის განათება, ლაზერშოუ, კონცერტის განათება - ორჯერ გაწეული ხარჯია 7 500 ლარი. შადრევანი, ფოიერვერკი სცენისთვის 20-28 აგვისტო, ანუ ორჯერ 750 ლარი, კონფეტი 20-28 აგვისტო 360 ლარი. ამაზე საუბარიც იყო, ჯამში ჩვენ ფოიერვერკი 4 წუთი გვქონდა და საკმაოდ  კარგი გამოვიდა. ეს დაჯდა 4 ატასი ლარი. ამაზე იაფად ვერ ვნახეთ. მუსიკალური ჯგუფი „გუფი ლენდი“ - ამაზეც იყო გარკვეული მოსაზრებები, თითქოს ერთ ჯგუფს გადავუხადეთ 15 ათასი ლარი. ეს არის სიცრუე. ჯგუფს საათნახევრიან პროგრამაში 5 ათასი ლარი გადავუხადეთ, ასევე მეორე საათნახევრიან პროგრამაში 5 ათასი ლარი. ეს თანხებიც დარიცხულია და ჯამში მათ აიღეს 8 ათას ლარამდე.  ასევე იყო მუსიკალური ჯგუფი „ბანი“, რომელმაც 28 აგვისტოს დაუკრა და მათაც დაახლოებით საათნახევრიანი პროგრამა ჰქონდათ. მათ 4 125 ლარი გადავუხადეთ. სამი წამყვანი იყო, რაც ჯამში 7 500 ლარი დაგვიჯდა. საორგანიზაციო ჯგუფის მომსახურეობა- ბუღალტერი, იურისტი, კოორდინატორი, ორგანიზატორი, პროექტის ხელმძღვანელი, სულ 5 900 ლარი დაჯდა. ეს არის მთლიანი 95 300 ლარის დაახლოებით 6%. რეალურად ყველა ორგანიზაცია, რომელიც გარკვეული ტიპის შეკვეთას იღებს და რომელიც მომსახურეობას გაწევს, რა თქმა უნდა, მოგებაზე ორიენტირებულია. ამ შემთხვევაშიო დასაშვები ნორმაა 10%“,- “, - აღნიშნა არეშიძემ ჟურნალისტებთან შეხვედრაზე.

მისივე განმარტებით, გადაწყვეტილების მიღების პროცესში შესაბამისმა სამსახურმა იხელმძღვანელა იყო ნაკლები ხარჯი.

„ამით დავრწმუნდით, რომ არ აპირებდნენ უფრო მეტი მოგების მიღებას და რეალურად ესეც ბიუჯეტის ეკონომიად შეგვიძლია წარმოვიდგინოთ“,- განაცხადა არეშიძემ.

პრეზენტაციის შემდგომ არეშიძემ ჟურნალისტების შეკითხვებს ამომწურავად უპასუხა, სადაც  მან უარყო ბრალდება, რომ აღნიშნული ააიპ სპეციალურად იყო შექმნილი.

„ვერ იქნებოდა სპეციალურად შექმნილი, ვინაიდან  ჯერ ეს ააიპ  შეიქმნა და მას შემდგომ დაგვევალა ჩვენ აღნიშნული ბანაკის ორგანიზება. ფიზიკურად ვერ მოვახერხებდით და ვერც ისინი მოახერხებდნენ ამის გათვლას. ეს არის აბსოლუტურად  უსაფუძვლო ბრალდება. პირველ რიგში ვიხელმძღვანელეთ აღნიშნული ადამიანების გამოცდილებით და რეალურად საქმემ გვაჩვენა, რომ ამ ადამიანებს ჰქონდათ იმის საშუალება, რომ ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებები სრულად შეესრულებინათ. აღნიშნული ააიპ-ის დებულება და ჩვენი დებულება აბსოლუტურად ემთხვეოდა ერთმანეთს და ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ თანამშრომლობის ხელშეკრულება გაგვეფორმებინა მასთან. ასევე, შერჩევის ერთ-ერთი კრიტერიუმი იყო დაბალი ფასები და მსგავსი ტიპის პროექტების ორგანიზება. იმ ხარისხის მომსახურება, რაც ჩვენ გვჭირდებოდა, მხოლოდ და მხოლოდ ამ ორგანიზაციამ შეძლო შედარებით დაბალ ფასად. რაც შეეხება იმას, ის თვენახევრით ადრე იყო თუ 6 თვით ადრე, მე უფლება არ მაქვს განვუსაზღვრო და ამ კრიერტიუმით შევარჩიო ორგანიზაციები, ის 6 თვით ადრე არის დაფუძნებული, ერთი წლით ადრე თუ ერთი დღით ადრე. გამოცდილებით შევარჩიეთ და დიდი გამოცდილება ჰქონდათ იმ ადამიანებს, რომლებიც ხელმძღვანელობდნენ აღნიშნულ ააიპ-ს“, - აღნიშნა არეშიძემ.

ცნობისთვის, რომ ვიცე-პრემიერის კახი კალაძის ცოლის ძმას გიორგი არეშიძეს დიდი რაოდენობით საბიუჯეტო თანხის გაფლანგვასა და მითვისებაში ადანაშაულებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით „ფრეშ ნიუსმა“ სიუჟეტი მოამზადა. არეშიძის საქმიანობის შესახებ გამოძიების დაწყების მიზნით პროკურატურაში განცხადებაც შევიდა.