ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ ლაგოდეხის რაიონში 6 სოფელი დააზარალა

ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ ლაგოდეხის რაიონში 6 სოფელი დააზარალა

ლაგოდეხის რაიონში სტიქიის შედეგად 6 სოფელი დაზარალდა. ძლიერი ქარისა და წვიმის შედეგად ყველაზე მეტად სოფელი გელათი დაზარალდა, სადაც საცხოვრებელი სახლების სახურავებია გადახდილი. InterPressNews.Geადგილობრივი მოსახლეობის თქმით, სტიქია იმდენად ძლიერი იყო, რომ სახლის სახურავები რამდენიმე ასეულ მეტრზეა მიმოფანტული. ძლიერი წვიმისა და ქარის შედეგად გაწყვეტილია ელექტროსადენები და მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება.

როგორც ”ინტერპრესნიუსის” კორესპონდენტი ლაგოდეხიდან იტყობინება, ძლიერ წვიმასთან ერთად წუხელ ლაგოდეხის რაიონის სოფლებიც დაისეტყვა. დაზიანებულია ვენახები და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები.

ადგილზე იმყოფება რაიონის გამგებელი კახა ჯამბურია. მისი თქმით, რაიონის 6 სოფელში 80 სახლია სახურავის გარეშე დარჩენილი. გამგეობის მიერ შექმნილი სპეციალური ჯგუფები მუშაობენ და ზარალს ადგენენ. გამგებლის თქმით, სამუშაო ჯგუფის მიერ მოპოვებულ ინფორმაციას რეგიონული განვითარების სამინისტროს მიაწვდიან. გამგებლის განცხადებით, საქართველოს მთავრობას დახმარებას სთხოვენ, რომ 14 სექტემბერს მთავრობის სხდომაზე ლაგოდეხის რაიონის დახმარების საკითხი გადაწყდეს.