კახა კალაძე - ყურძნის სუბსიდირება არ იგეგმებოდა, თუმცა იმ პრობლემების გათვალისწინებით რაც მსოფლიოში შეიქმნა, გადაწყვეტილება მივიღეთ

კახა კალაძე - ყურძნის სუბსიდირება არ იგეგმებოდა, თუმცა იმ პრობლემების გათვალისწინებით რაც მსოფლიოში შეიქმნა, გადაწყვეტილება მივიღეთ

ვიცე-პრემიერის, ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის განცხადებით, ყურძნის სუბსიდირებას წელს სახელმწიფო თავდაპირველად საერთოდ არ გეგმავდა.
 

როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, გლეხებისთვის სუბსიდიის მიცემა რეგიონში ბოლო თვეების განმავლობაში განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით გადაწყდა. 

"სუბსიდიის თემა თავიდან არც იყო გაწერილი, რადგან ჩვენ ვუყურებდით თუ როგორც ხორციელდებოდა ღვინის გაყიდვა – ძალიან ბევრ ქვეყანაში შევძელით ქართული ღვინის გატანა, ღვინის კომპანიებს სახელმწიფო დაეხმარა სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის ყაზახეთში, ჩინეთსა და იაპონიაში და სწორედ ამიტომ სუბსიდირება არ იგეგმებოდა, თუმცა იმ პრობლემების გათვალისწინებით რაც მსოფლიოში შეიქმნა ბოლო თვეების განმავლობაში, სახელმწიფომ სუბსიდირებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო", - განაცხადა კახა კალაძემ. 

მევენახეები უკვე რამდენიმე დღეა რაც აქციებს მართავენ. გლეხები ამბობენ, რომ ისინი არსებულ ფასად ყურძენს არ ჩააბარებენ. 
ამ დროისთვის თეთრი ყურძნის ფასი 60, ხოლო საფერავის ფასი 85 თეთრია.