თურქეთის ქალაქ ჯიზრეში კომენდანტის საათი გაუქმდა. ამის შესახებ "ბიბისი" იტყობინება. კომენდანტის საათი ქურთებით დასახლებულ ქალაქში რვა დღის წინ მას შემდეგ დაწესდა , რაც ქალაქში თურქეთის არმიასა და ქურთ ამბოხებულებს შორის დაპირისპირება გამწვავდა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ შექმნილი ვითარების გამო ჯიზრეში საკვების, წყლისა და მედიკამენტების დეფიციტია. აღნიშნულ ქალაქში შეტაკებებს ათობით ადამიანი შეეწირა. ევროკავშირმა თურქეთის მთავრობის მიერ ჯიზრეს ერთგვარ ბლოკადასთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვა და ანკარას ქალაქში საერთაშორისო დამკვირვებლების შეშვების უზრუნველყოფისკენ მოუწოდა.
ქალაქ ჯიზრეში თურქეთის არმიამ ქურთების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია გასულ კვირას დაიწყო. ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონში ქვეყნის შეიარაღებულ ძალებსა და ქურთ ამბოხებულებს შორის შეტაკებები ბოლო რამდენიმე თვეა ინტენსიური გახდა. არმია ქურთების პოზიციებს უტევს. საპასუხოდ ამბოხებულები თითქმის ყოველდღე ძალოვანი სტრუქტურების წინააღმდეგ თავდასხმებს აწყობენ.