ერევანში პოლიციამ ცენტრალურ გამზირზე შეკრებილ ათობით დემონსტრანტს ტერიტორია ძალის გამოყენებით დაატოვებინა. რამდენიმე მათგანი კი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.
რადიო "თავისუფლების" ცნობით, აქტივისტები კვლავ ელექტროენერგიაზე ფასების ზრდას აპროტესტებდნენ. აქციის მონაწილეეები პრეზიდენტის რეზიდენციისკენ მიემართებოდნენ, როდესაც ისინი სამართალდამცველებმა შეაჩერეს.
აქტივისტების თქმით, მთავრობამ ელექტროენერგიის ფასების ზრდის პარალელურად სუბსიდირების პირობა არ შეასრულა.
ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდის წინააღმდეგ მასობრივი აქციები სომხეთის დედაქალაქში ივნისში გაიმართა. 23 ივნისს აქციის დაშლისას პოლიციამ 237 აქტივისტი დააკავა. დემონსტრანტებმა სამართალდამცველები ძალის გადაჭარბებით გამოყენებაში დაადანაშაულეს. საპროტესტო აქციები 10 ივლისს შეწყდა, თუმცა, აქტივისტებმა პირობა დადეს, რომ ტარიფების ზრდის წინააღმდეგ ბრძოლას გააგრძელებდნენ. მას შემდეგ ისინი პერიოდულად იკრიბებიან და საპროტესტო აქციებს მართავენ.