პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობა ნიშნავს მილიარდ 600 მილიონიანი ბაზრის გახსნას საქართველოსთვის და ამაზე დიდი ბაზარი არ არსებობს მსოფლიოში.
ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მთავრობის მეთაურმა ჩინეთში ვიზიტი შეაჯამა და მას წარმატებული უწოდა.
"ეს იყო ჩემი პირელი შეხვედრა ჩინეთის პრემიერთან და ჩვენ გვქონდა ნაყოფიერი საუბარი. პირველად მოხდა ასეთ მაღალ დონეზე ორი ქვეყნის ურთიერთობებისა და თანამშრომლობის გეგმების განხილვა. გადაჭარბების გარეშე გეტყვით, რომ ასეთი ურთიერთობები, როგორიც ახლა გვაქვს ჩინეთთან, არ ყოფილა დღემდე. მთავარი შედეგი ამ შეხვედრის არის შეთანმება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების დაწყებაზე. ჩინეთის პრემიერმა დააყენა საკითხი საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ. ეს არის უზარმაზარი შესაძლებლობა ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი მეწარმეებისთვის, ბიზნესმენებისთვის. ეს არის მილიარდ 600 მილიონიანი ბაზარი. ამაზე დიდი ბაზარი არ არსებობს მსოფლიოში. ჩვენ ამ წელიწადში მოვახერხეთ ევროპის 500 მილიონიანი ბაზრის გახსნა და ჩვენი პრაგმატული პოლიტიკით შევძელით რუსეთის ბაზარზე დაბრუნება", - აღნიშნა პრემიერმა.
მისივე განმატებით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო სხვადასხვა სტრატეგიულ პროექტებს, როგორიც არის ანაკლიის პორტი, მაგისტრალის მშენებლობა, რკინიგზის მოდერნიზაცია და სხვა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველო სრულად უერთდება და მხარს უჭერს "ახალი აბრეშუმის გზის" პროექტს.
"აბრეშუმის გზის აღდგენა თანამედროვე ეპოქაში არის ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი. ეს იქნება უნიკალური შანსი, რომ საქართველო ჩაერთოს ამ პროექტში, რომელიც ბევრ ინვესტიციას მოუტანს ქვეყანას", - მიიჩნევს პრემიერი.
მისივე თქმით, თბილისი 15-16 ოქტომბერს "თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე" ელოდება 200 კაციან დელეგაციას ჩინეთიდან, რაც არის ჩინეთის მხრიდან გამოხატული მხარდაჭერის დემონსტრირება.
"თუნდაც ის, რომ ჩინეთისთვის რეალურად არ არის მნიშვნელოვანი საქართველოს ბაზარი, მაგრამ ამ ჟესტით მათ სურთ დაეხმარონ ჩვენს ქვეყანას და ჩვენს მეწარმეებს. ამას ძალიან ვაფასებთ", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.