კახელი მევენახეები "ქართულ ოცნებას" მიმართავენ, რომ მომავალი არჩევნებისთვის მათი მხარდაჭერის იმედი ნუ ექნებათ. გლეხები ყურძნის ფასთან დაკავშირებით აქციების გაგრძელებას გეგმავენ.
შესაბამისი განცხადება დღეს მათი მხრიდან პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და აგრარულ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე გაკეთდა, სადაც ყურძნის ჩაბარებასთან დაკავშირებით კახეთიდან ჩამოსული მევენახეების უკმაყოფილების მიზეზებს ისმენენ.
მევენახეთა მხრიდან აქცენტი ყურძნის მოსავლის მოყვანასთან დაკავშირებულ ხარჯებზე გაკეთდა.
როგორც კომიტეტის სხდომაზე ითქვა, მათ შხამქიმიკატის საფასური გაუძვირდათ, ასევე მოიმატა მუშა ხელისთვის გადასახდელმა ფასმა და მათი თქმით, 1 კგ ყურძნის 60-65 თეთრად ჩაბარების პირობებში ვერც ბანკის საფასურს გადაიხდიან და მშივრები დარჩებიან.
"ჩვენ კახელები ძალიან დინჯი ხალხი ვართ. არასდროს ვაწუხებთ მთავრობას. შარშან და შარშანწინ აქციები არ მოგვიწყვია, რადგან ყურძენში შესაბამისი ფასი მივიღეთ. ლარის გაუფასურების პირობებში კი, ყურძნის ხარჯი გაიზარდა. 2 წლის წინ, შხამქიმიკატის შესაძენად საფასური მივიღეთ, შარშან ეს თანხა შემცირდა, წელს კი არაფერი მიგვიღია. ყურძნის ხარჯი გაძვირდა. გასული წლებისთვის მადლობას გიხდით, მაგრამ რა დავაშავეთ წელს", - ითქვა კომიტეტის სხდომაზე.
კახელი გლეხების მოთხოვნაა, რომ 1 კგ რქაწითელის ჩაბარება 1 ლარად, ხოლო საფერავის – 1,5 ლარად მოხდეს.