"ბანაკმა ჩაიარა მართლაც იდეალურად და სწორედ ამან გამოიწვია "ნაციონალური მოძრაობის" გაღიზიანება"

თბილისის მერიის ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა გიორგი არეშიძემ მის წინააღმდეგ არსებულ ბრალდებებს თბილისის მერიაში სპეციალურ ბრიფინგზე უპასუხა.

როგორც არეშიძემ აღნიშნა, დედაქალაქის ბიუჯეტიდან ბანაკის ორგანიზებაზე დაჯახარჯულ თითოეულ ლარზე პასუხისმგებელია და ბრალდებებს მისი და მისი ოჯახის მიმართ, "ნაციონალური მოძრაობის" დისკრედიტაციულ ქმედებად აფასებს.

"მინდა გამოვეხმაურო ბოლო დღეებში ჩემს მიმართ გაჩენილ ბრალდებებს. ეს არის ჩემი და ჩემი ოჯახის მიმართ "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან მიზანმიმართული დისკრედიტაციული ქმედება, რომლისთვისაც ისინი, სამწუხაროდ, არასამთავრობო ორგანიზაციებს იყენებენ. დედაქალაქის ბიუჯეტიდან ბანაკის ორგანიზებაზე დაჯახარჯულ თითოეულ ლარზე ვარ პასუხისმგებელი. ყველა ის სამართლებრივი პროცედურა, რაც საჭირო იყო ბანაკის ორგანიზებისთვის, არის უმაღლეს დონეზე შესრულებული და ასევე ავღნიშნავ შინაარსობრივ მხარეზეც. ბანაკმა ჩაიარა მართლაც იდეალურად. სწორედ ამან გამოიწვია "ნაციონალური მოძრაობის" გაღიზიანება. ისინი ყოველთვის ამგვარი ხერხებით ცდილობენ დედაქალაქის მიერ ყველა წარმატებული პროექტის დადებითი მხარეების გადაფარვას. მინდა შევპირდე მოსახლეობას და ახალგაზრდობას, რომ ეს მათ არ გამოუვათ", - განაცხადა არეშიძემ.

მისივე თქმით სიცრუეა ის ბრალდებაც, რომ თითქოს ბანაკის ერთ-ერთი ორგანიზატორი და შემსრულებელი  მისი ბავშვობის მეგობარია.

"ის არ არის არც ჩემი თანამშრომელი და არც ბავშვობის მეგობარი. ყველასთან მაკავშირებს საქმიანი ურთიერთობა და ხშირ შემთხვევაში ეს შეიძლება მეგობრობაში გადაიზარდოს. ბანაკში ძალიან ბევრი ახალგაზრდა გავიცანი, მათთან უკვე მეგობრობა მაკავშირებს, თუმცა ეს არ გამორიცხავს ჩემსა და მათ შორის მომავალში საქმიანი ურთიერთობის გაგრძელებას. ასევე მინდა მოვითხოვო ბატონი გივი კუბლაშვილისგან ბოდიშის მოხდასაც, წინააღმდეგ შემთხვევაში მე გამოვიყენებ მის მიმართ კანონით მონიჭებულ ყველანაირ უფლებას. აქვე ვიტყოდი, რომ მზად ვარ ვითანამშრომლო ყველა საგამოძიებო უწყებასთან და ხვალ მექნება შეხვედრა ჟურნალისტებთან, მერიის წარმომადგენლებთან და ყველა დაინტერესებულ მხარესთან, რომლებსაც დეტალურად მივაწვდი ინფორმაციას ბანაკის ორგანიზებაში თოთოეული ლარის მიზნობრიობასთან დაკავშირებით, რომელიც უსაფუძვლო ეჭვებს და კითხვებს გამორიცხავს", - აღნიშნა თბილისის მერიის ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა.

შეგახსენებთ, რომ ვიცე-პრემიერის კახი კალაძის ცოლის ძმას გიორგი არეშიძეს დიდი რაოდენობით საბიუჯეტო თანხის გაფლანგვასა და მითვისებაში ადანაშაულებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით „ფრეშ ნიუსმა“ სიუჟეტი მოამზადა. არეშიძის საქმიანობის შესახებ გამოძიების დაწყების მიზნით პროკურატურაში განცხადებაც შევიდა.