პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, ზურაბ ტყემალაძის განცხადებით, კახელ მევენახეებს ტრიბუნას დღესვე დაუთმობენ და კომიტეტის სხდომაზე მოუსმენენ.
ტყემალაძის თქმით, მას შემდეგ რაც კომიტეტი დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვას დაასრულებს, კახეთიდან ჩამოსული გლეხების მოსმენა დაიწყება. ზურაბ ტყემალაძე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან პროვოკაციას ჰქონდა ადგილი.
"მათ, მევენახეთა მოსმენა დღის წესრიგის პირველ საკითხად მოითხოვეს. კომიტეტის დღის წესრიგით სხვადასხვა საკითხების განხილვაა დაგეგმილი და ჩვენ პარლამენტში მევენახეთა მოსვლის თაობაზე არანაირი წინასწარი ინფორმაცია არ გვქონია. ბუნებრივია, თუკი მათი მოსმენა დღის წესრიგში წინასწარ გაიწერებოდა, სათანადოდ მოვემზადებოდით და კომიტეტზე მოწვეული იქნებოდნენ ის პირები, რომელთაც მევენახეებს პასუხი უნდა გასცენ. თუმცა, მზად ვართ ჩვენ მათი უკმაყოფილების თაობაზე მოვისმინოთ", - ამბობს ზურაბ ტყემალაძე.