"ჩვენ გვქონდა იმის გამბედაობა, რომ წინააღმდეგობა გაგვეწია "გაზპრომის" მონოპოლიისათვის ევროპაში, ახლა დროა შევეწინააღმდეგოთ რუსეთის "ინფოპრომს", რომელიც შეიარაღებულ ინფორმაციას და ამავდროულად კრემლის შეიარაღებულ ენერგომომარაგებას წარმოადგენს", - ამის შესახებ ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩიუსი Euobserver-ზე გამოქვეყნებულ სტატიაში აღნიშნავს, რომლის თარგმანიც "ინტერპრესნიუსს" საქართველოში ლიტვის საელჩომ მოაწოდა.
"რამდენიმე თვის წინ ევროკავშირის ერთ-ერთი ქვეყნის ეროვნულ დღესასწაულზე, რომელსაც არ დავასახელებ, რუსი ფორმიანები სხვებთან ერთად ზეიმობდნენ. ეს იგივე ფორმა არ იყო, რომლითაც ახლა უკრაინაში აგრესიას აწარმოებენ. შემეკითხებით კარგად გამოიყურებოდნენ თუ არა? იყო თუ არა ეს ევროპული მედიასაშუალებების მხრიდან შეფასებული როგორც ცოტა უცნაური შემთხვევა? არა, ამაზე არავის არაფერი სმენია. არსებობს ტენდენცია, რომლის მიხედვითაც პროპაგანდა განიხილება, როგორც ეგზოტიკური მწერი, რომელიც შორეულ ქვეყნებში უკრაინაში, საქართველოში, რუსეთში მცხოვრები ადამიანების ცხოვრებაზე ახდენს გავლენას. თუმცა, სათუთად შეფუთული ტყუილები ევროპული აუდიტორიისკენ გზებს მაინც პოულობს. ეს არის სისტემატიური და კარგად ფინანსირებადი კამპანია და იმის მტკიცება, რომ დასავლეთი არის ხელშეუხებელი, რადგან ჩვენ გვაქვს უამრავი მედია საშუალება, სინამდვილეს არ შეეფერება. სინამდვილეში ევროკავშირში მცხოვრები რუსულენოვანი მოსახლეობის დიდი ნაწილი ბალტიისპირეთსა, თუ ლონდონში პირველ რიგში კრემლის აზრს იგებს. ეს ენის ბარიერის ან მედიის ძველი ჩვევების ბრალია. ამდენად მედიაპლურალიზმი აქ ნიშნავს ბევრ ტელეარხებს, რომლებიც იმართება მხოლოდ ერთი (რუსული) აუდიენციის მხრიდან", - წერს ლინკევიჩიუსი.
ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი ასევე აღნიშნავს, რომ "კრემლის მაუწყებლებმა იციან, როგორ შემოვიდნენ ჩვენს ქალაქებში. ისინი სარგებლობენ Made in Europe ეტიკეტით, შემდეგ მშვიდად იწყებენ შუღლის გაღვივებას, რადგან იმედოვნებენ, რომ სიტყვის თავისუფლების გამო, არავინ დაინტერესდება მათ საქმიანობით. ზოგიერთი უკვე ხმას იმაღლებს. დიდი ბრიტანეთის მედია რეგულატორმა თქვა - "სიტყვის თავისუფლება აბსოლუტური არ არის". რამდენიმე თვის წინ ევროპის კომისიამ განაცხადა, რომ აზრის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა შეიძლება იყოს პროპორციული ქმედება იმისა, რომ დაცულ იქნას საზოგადოებრივი ინფორმირებულობის მთლიანობა. ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლომ განაცხადა, რომ სიტყვის თავისუფლება არ ნიშნავს ცილისწამებას. ჩვენ უნდა ვუზრულველყოთ ევროპული მედიასაშუალებებისათვის თანაბარი თამაშის პირობები. არავის უნდა ჰქონდეს უფლება ითამაშოს რაგბი ფეხბურთის მოედანზე".
ლინას ლინკევიჩიუსის თქმით, იანვარში, ოთხმა საგარეო საქმეთა მინისტრმა (ლიტვიდან, დიდი ბრიტანეთიდან, ესტონეთიდან და დანიიდან) მოუწოდა ევროკავშირს პასუხი გაეცა კრემლის პროპაგანდისათვის: უზრუნველყო ინფორმაციის ალტერნატივა; გაეზარდა საზოგადოებრივი ცნობიერება: ყოფილიყო აგრესიული პროაქტიული კომუნიკაციის ფაქტების მიმართ; მოეთხოვა ანგარიშვალდებულება მედიასაშუალებების მხრიდან.
"ეს არ გულისხმობს ცენზურას ან ჩვენ მიერ წარმოებულ პროპაგანდას და სიცრუეს. ნიდერლანდებმა და პოლონეთმა, ბრიუსელში არსებული დემოკრატიის ევროპულ ფონდთან ერთად, გამოთქვეს კონკრეტული იდეები რუსულენოვანი მაყურებლისათვის ალტერნატიული ტელევიზიის, როგორც ახალი ამბების, ასევე გასართობი პროგრამების შექმნის შესახებ. პროექტის დონორების დღევანდელი შეხვედრა ვარშავაში ამ ძალისხმევის ნაწილია. იმისათვის, რომ ვიყოთ წარმატებულები აუცილებელია შევცვალოთ ჩვენი აზროვნება. უნდა გვესმოდეს, რომ პროპაგანდა მიმართულია მთელი ევროპის წინააღმდეგ და არა მხოლოდ აღმოსავლეთისაკენ. ყველაფერს უნდა დავარქვათ თავისი სახელი. A-90 ტიპის ტანკი უკრაინაში არ არის მხოლოდ "სატრანსპორტო საშუალება". სიცრუე არ არის გარკვეული თვალსაზრისის ალტერნატივა. პროპაგანდა არ არის საჯარო დიპლომატიის სამართლიანი ფორმა. ჩვენი გულუბრყვილობა ხელს გვიშლის შესაბამისი ქმედებების განხორციელებაში, მაშინაც კი, როდესაც მეორე მხარე წინ მიიწევს გამოუცხადებელი საინფორმაციო ომით", - წერს ლინკევიჩიუსი Euobserver-ზე გამოქვეყნებულ მოსაზრებაში.